პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთში ეროვნული ვალუტის ევროთი ჩანაცვლება არ მოხდება. ამის მიზეზად ქვეყნის ლიდერი ევროკავშირში არსებულ ვითარებას ასახელებს და აცხადებს, რომ უნგრეთი იმ გაერთიანების ვალუტას არ შემოიღებს, რომელიც თავად უკვე იშლება. პრემიერ-მინისტრი შესაძლო ეკონომიკურ რისკებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან მეტი ინტეგრაცია არ სჭირდება.
“თუ ევროს შემოვიღებთ და ჩვენს ვალუტაზე უარს ვიტყვით, ეს უნგრეთისთვის ბედს ევროკავშირისაზე დამოკიდებულს გახდის. ეს გაერთიანება იშლება, მე კი არ მსურს, უნგრეთსაც იგივე ბედი ეწიოს” - აცხადებს ვიქტორ ორბანი.
აღსანიშნავია, რომ თავად უნგრეთი ევროს შემოსაღებად საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, თუმცა არც ისეთ პრივილეგირებულ პოზიციაშია, როგორშიც დანია. ნორდიკული სახელმწიფო, რომელსაც ევროს შემოღების ვალდებულება მაასტრიხტის შეთანხმების თანახმად არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტა ჯერ არც პოლონეთს, რუმინეთსა და ჩეხეთს ჩაუნაცვლებიათ ევროთი, თუმცა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, მათ ადგილობრივ ვალუტაზე უარის თქმა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ ორბანის პოზიციისგან რადიკალურად საპირისპიროს აფიქსირებს უნგრული ოპოზიციის უპირობო ლიდერი, პიტერ მაგიარი, რომელიც არამარტო ევროს შემოღებას, არამედ ევროკავშირის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას გეგმავს, რათა ქვეყანას გაერთიანებისგან მისაღებ დაფინანსების გაყინულ პაკეტებზე წვდომა კვლავ აღუდგეს. შეგახსენებთ, უნგრეთში მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის გაზაფხულზე, მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისშია დაგეგმილი. ქვეყნის მოსახლეობა კი სხვა მრავალ საკითხთან ერთად ევროს შემოღების შესახებ თავის პოზიციას სწორედ მაშინ დააფიქსირებს.




























