თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე "ფასების საპარლამენტო კომისიის" სხდომაზე PSP-ს ჯანდაცვის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა ისაუბრა.
მისი განმარტებით, თურქულმა მხარემ დაიწყო ექსპორტის შეზღუდვა იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც გლობალური მწარმოებლებისგან სპეციალურად საკუთარი შიდა ბაზრისთვის, შეღავათიან ფასად იღებს.
"თურქეთმა ნახა, რომ ის მედიკამენტები, რასაც დიდ გლობალურ კომპანიებს აიაფებინებს თავისი მოხმარების, გაედინება საზღვრებს გარეთ და მათ ეს არ უნდათ, ხელს უშლიან ექსპორტს და აძვირებენ მედიკამენტების ექსპორტს", - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
PSP-ს წარმომადგენლის თქმით, თურქეთი, ბაზრის მასშტაბებიდან გამომდინარე, ახერხებს მომწოდებლებზე მაქსიმალური ზეწოლის მოხდენას და მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასების მიღებას, რასაც მკაცრი რეფერენტული ფასწარმოქმნის მოდელით აღწევს.
"თურქეთი არის უზარმაზარი ბაზარი და აქვს ყველაზე მკაცრი რეფერენტული ფასწარმოქმნა. თავისი ბაზრის ზომიდან და მომწოდებლისგან დიდი მოცულობის მედიკამენტების ყიდვიდან გამომდინარე, ყველაზე კარგად ის "წურავს" მომწოდებელს და ყველაზე იაფად ართმევს პროდუქტს. მეორე კომპონენტია შიდა წარმოება, რომელიც მას აქვს აბსოლუტურად სხვა დონეზე აყვანილი და ისეთი პრეფერენციები აქვს შიდა წარმოებას, სხვა ქვეყანაში რომ არ არსებობს. ამ შიდა წარმოების უპირატესობებით აკეთებს იმას, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს აყვავებული და სხვა ქვეყნებშიც ადვილად შევიდეს. ეს არის მიმართულება, ადგილობრივი წარმოება, რომელიც გვინდა რომ განვავითაროთ", - აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნა საქართველოს მთავრობის მიერ მედიკამენტებზე ფასების შემცირების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში სექტორი მეზობელი ქვეყნიდან იმპორტის გართულებასა და ფასების ზრდაზე მიუთითებს.




























