საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებით, რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია/ რეიმპლანტაცია 17,000 ლარადაა განფასებული, რაც კლინიკის წარმომადგენლების და ექიმების შეფასებით, არარეალურია, რადგან მხოლოდ კომპლექტის შეძენა საშუალოდ 7000 დოლარი ჯდება.
გასული წლის დეკემბერში გამართულ საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს სხდომაზე სამინისტრო რომ ამ კუთხით თითქოს დათმობაზეც წავიდა, ამაზე ჯანდაცვის მინისტრის და მინისტრის მოადგილის განცხადებებიც მეტყველებდა, მაგრამ 2 თვე გადის და ფაქტია, დეფიბრილატორის ფასზე ეკატერინე ტიკარაძის უწყებამ, ჯერჯერობით, არაფერი დათმო და დაპირება დაპირებად დარჩა.
ცნობისთვის: დეფიბრილატორი გამოიყენება კარდიოქირურგიაში. ეს არის ელექტრული აპარატი, რომელსაც იყენებენ სამედიცინო პრაქტიკაში გულის კუნთის ფიბრილაციის შესაწყვეტად (მასზე ხანმოკლე ელექტრული იმპულსით ზემოქმედების საშუალებით).
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დეფიბრილიტორთან დაკავშირებით, რაზეც დიდი მღელვარება იყო - დეფიბრილიტორის გამოყენება ანაზღაურდება ფაქტიური დანახარჯის მიხედვით“, - აცხადებდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია 2019 წლის 17 დეკემბერს.
დღეს კი, „საქმიანი დილის“ ეთერში მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ვერ გადაიჭრა ამ დრომდე დეფიბრილატორი ფასის საკითხი.
„იანვრის დასაწყისისთვის ჩვენ ტექნიკურ დონეზე ჩამოვყალიბდით, გვქონდა შიდა შეთანხმება იმაზე, თუ რა შეიძლება შევთავაზოთ ფინანსურ გუნდს კრიტიკული მედიცინის მიმართულებით. კარდიოქირურგიაში არაერთხელ გაჟღერდა, რომ დეფიბრილატორების ფასთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო, ვერ გაკეთდა ოპერაციები. ამ ნაწილში შემიძლია განვმარტო, რომ ვიდრე ჩვენ კონსულტაციები დავასრულეთ, მანამდე გაჟღერდა კლინიცისტების მხრიდან წინადადებები იმის შესახებ, რომ არსებობს განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე დეფიბრილატორები, რომელიც შეიძლება ღირდეს არა - 15 ათასი ლარი, რაზეც აქამდე შევთანხმდით, არამედ - უფრო მაღალფასიანი, უფრო ძვირფასი დეფიბრილატორები. ფინანსურმა ჯგუფმა გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა გააკეთოს პოზიტიური ჩამონათვალი იმ დეფიბრილატორების, რომელთა ღირებულება ფაქტიური ხარჯით ანაზღაურდება. ჩვენ გვჭირდება ზუსტი ჩამონათვალი არსებული დეფიბრილატორების და ალბათ აქაც უნდა იყოს დადგენილი საზღვრები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმითვე, შეთანხმება ძალაშია და ისიც ელოდება, რომ უახლოეს მომავალში შედგება ჩამონათვალი, რომელშიც აისახება დეფიბრილატორების პოზიტიური ნუსხა.
„საკითხზე მუშაობს სამინისტროს ფინანსური დეპარტამენტი. მიმდინარეობს ბაზრის კვლევა არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ გლობალურ დონეზე იმისთვის, რომ მოხდეს იმ დეფიბრილატორების განსაზღვრაც, რომელიც არ არის საქართველოში, თუმცა შეიძლება გამოყენებული იქნას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ პროცესი მალე დასრულდება.
ჟურნალისტი დაინტერესდა, ექნება თუ არა პაციენტს უფლება, რომ ახალი, უფრო მაღალხარისხიანი დეფიბრილატორის შეთავაზების შემთხვევაში, ხარჯის ნაწილი თავად დაფაროს, ხოლო ნაწილი სახელმწიფომ გადაიხადოს, რაზეც მინისტრის მოადგილე ცალსახა პასუხს არ სცემს.
„ბაზარი ასიმეტრიულია და ეს სფეროში ახალი არ არის. ხვალ მე რომ მივიდე, როგორც პაციენტი და დამჭირდეს დეფიბრილატორი, ჩემი სამედიცინო გამოცდილებით გამიჭირდება ეფექტურად შევარჩიო და განვსაზღვრო რომელი სამედიცინო მოწყობილობა მინდა. ჩვენ ვსაუბრობთ სტანდარტულ პროცედურაზე, რაც მოიცავს ყველაფერს. პაციენტზე ზეგავლენის რისკი არის ძალიან მაღალი და ჩვენ პაციენტს ვერ დავიცავთ ამგვარი რისკებისგან, ამიტომ გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება, რომ ეს ნაწილი, რომ პაციენტს ჰქონდეს დამატების საშუალება, იყოს თავისუფალი კლინიკებისთვის. იმაში, რაშიც შეიძლება პაციენტმა გააკეთოს თავისუფალი არჩევანი შეიძლება იყოს პალატა, ექიმის ჰონორარი, რადგან ექიმ-პაციენტის ნდობა უფრო სხვა საკითხია, მაგრამ ის, რომ პაციენტმა თვითონ განსაზღვროს რომელი მწარმოებლის პროდუქტის მოხმარება სურს, ძალიან რთულია. დღეს რომ გვქონდეს გამართული კონტროლირებადი ჩარჩო ამ იმპლანტირებადი საგნების რეგულირებისთვის, მაშინ ამდენი კითხვის ნიშანი მწარმოებელზე, აღარ დაისმებოდა“, - განმარტა გაბუნიამ.