უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა თანამდებობები დატოვეს. მათ შესაბამისი დადგენილება მთავრობის თავმჯდომარეს უკვე წარუდგინეს.
როგორც Kyiv Indipendent-ი წერს, სახელისუფლებო შტოს მაღალი თანამდებობის პირების გადადგომა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გამოცხადებული პოლიტიკური გადალაგების ნაწილია და მიზნად მინისტრების არა სახლში გაშვებას, არამედ უფრო შესაფერის პოზიციაზე გადაყვანას ისახავს.
სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ფედოროვი თავდაცვის მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს, დენის შმიგალი კი ენერგეტიკის მინისტრის პოსტს, ასევე ქვეყნის პირველი ვიცე პრემიერის თანამდებობას დაიკავებს. შეგახსენებთ, ეს ის პოსტია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ქვეყნის შიგნით არსებული კორუფციული სკანდალის გამო მინისტრმა სვეტლანა ჰრინჩუკმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, მთავრობის გადალაგებულ შემადგენლობას კენჭს პარლამენტი მომავალ კვირას უყრის.
აქვე უნდა განიმარტოს, რომ როგორც დენის შმიგალი, ისე მიხაილო ფედოროვი ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მოკავშირეები და დიდი ხნის პარტნიორები არიან. შმიგალს წლების განმავლობაში პრემიერ-მინისტრის პოსტიც ეკავა, ვიდრე 2025 წლის ივლისში მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობამდე არ დააქვეითებდნენ. რაც შეეხება ფედოროვს, სწორედ მის სახელს უკავშირდება უკრაინაში სამხედრო ტექნოლოგიური სფეროს სწრაფი განვითარება და დრონების წარმოების მასშტაბების მკვეთრი ზრდა.
ზელენსკის თქმით, გადალაგება უკრაინის პოლიტიკურ რეპუტაციას და სამხედრო შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ერთი მხრივ, ენერგეტიკის სამინისტროს კრიზისების მართვის კარგი გამოცდილების მქონე პირი ჩაიბარებს. მეორე მხრივ კი, თავდაცვის უწყება იმ ადამიანის ხელში გადავა, რომელმაც ციფრული ტრანსფორმაციით ქვეყნის სამხედრო პოტენციალი საგრძნობლად გააუმჯობესა.




























