მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადაწყდა 7 ტონა ოქროს ლონდონიდან ჩამოტანა და სებ-ის საცავში შენახვა?

საკასო ცენტრი

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა 7 ტონა მონეტარული ოქროს ლონდონიდან თბილისში ჩამოტანის და სებ-ის საცავში შენახვის გადაწყვეტილება განმარტა. მისი თქმით, სებ-ი $500 მლნ ოქროს რეალიზაციას არ გეგმავს, ამიტომ ჩაითვალა, რომ 7 ტონა ოქროს ზოდები თბილისის საცავში შეინახონ.

საქმე ის არის, რომ ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება, თუმცა სებ-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.

საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიცირება და გლობალური ინფლაციის რისკები ის ორი მთავარი ფაქტორია, რითაც საქართველოს ეროვნულ ბანკში $500 მილიონის დოლარის 7 ტონა მონეტარული ოქროს ყიდვის გადაწყვეტილებას ხსნიან.

- რატომ უნდა ჩამოიტანოთ ოქრო თბილისში, სებ-ის საცავში, ლონდონში შენახვა უფრო უსაფრთხო არ იქნებოდა?

- იქაც უსაფრთხოდ იქნებოდა, მაგრამ აქაც უსაფრთხოდ იქნება. ზოგადად, ორივე პრაქტიკა მიღებულია - ცენტრალური ბანკების ნაწილი ოქროს რეზერვებს თავისთან ინახავს, ნაწილი - საერთაშორისო საცავებში. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შენობა აეროპორტის გზაზე - ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი, რომელიც მაქსიმალურად დაცულია და ყველა წინაპირობა გვაქვს, ოქროს ზოდები იქ შევინახოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოქროს რეზერვებთან დაკავშირებით არ გვაქვს მოკლევადიანი მიზნები, რომ რყევების შემთხვევაში, სწრაფად გავყიდოთ. ოქრო შევიძინეთ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიცირებისთვის და ვაპირებთ, გრძელვადიანად შევინარჩუნოთ. ამდენად, ალოგიკური იქნებოდა, ლონდონში შეგვენახა.

- თან ლონდონის საერთაშორისო საცავებში შენახვა ხარჯიანიც იქნებოდა?

- ხარჯი ერთ-ერთი ფაქტორია... ლონდონში შენახვის ძირითადი პლუსია ლიკვიდურობა, რომ თუ დაგჭირდა, მყისიერად გაყიდო, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებებს არ ველით. მსგავსი სცენარები არ განიხილება, რომ ორ საათში დაგვჭირდეს ოქროს გაყიდვა, ამიტომაც ოქროს ლონდონში განთავსების არგუმენტი არ გვქონდა, ხოლო 1-3 დღეში, შეგვიძლია, თბილისის საცავში არსებული ოქროს ზოდების რეალიზაციაც მოვახერხოთ.

- კიდევ აპირებს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებში ოქროს წილის ზრდას, რომელიც ახლა 11%-მდეა?

- საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ცენტრალური ბანკების რეზერვებში ოქროს წილი 15-დან 20%-მდეა, ჩვენც ამ ზღვარს ვუმიზნებთ; გადაწყვეტილებას იღებს სებ-ის საბჭო, თუმცა კონკრეტული გეგმა არ გვაქვს.

როგორ გაჩნდა ეროვნულ ბანკში 7 ტონა მონეტარული ოქროს ყიდვის იდეა? - ინტერვიუ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები