მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადაწყვიტა WISSOL GROUP-მა სარესტორნო ბაზარზე შესვლა? – სოსო ფხაკაძის განმარტება

სოსო ფხაკაძე

„ვისოლ ჯგუფი“ მულტიპროფილური ჰოლდინგია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არაერთ ბიზნესს ფლობს. ბენზინგასამართი სადგურების გარდა, ჯგუფის საკუთრებაში სუპერმარკეტებისა და რესტორნების ქსელებსაც აქტიურად ვხედავთ, მათ შორისაა: Wendy's, Dunkin' და ახლა უკვე Subway. წლების წინ, კომპანია მხოლოდ ერთ მიმართულებაზე იყო კონცენტრირებული, თუმცა დროსთან ერთად, „ვისოლ ჯგუფი“ განვითარდა და მისი მასშტაბებიც გაიზარდა.

„საქმიან საღამოში“ სტუმრობისას „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ სარესტორნო ბაზრით დაინტერესების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკმაოდ რთულ ინდუსტრიაში შესვლა მრავალი მიზეზით იყო განპირობებული, მათ შორის მთავარი კი პორტფელის დივერსიფიკაციის სურვილი და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება იყო.

„ჩვენ კომპეტენცია გვქონდა ორი მიმართულებით, ეს იყო: საცალო ქსელების, ანუ რიტეილის განვითარება და მეორე - უძრავი ქონების დეველოპმენტი. მოგეხსენებათ, უძრავი ქონება საცალო ქსელების განვითარებასთან პირდაპირაა დაკავშირებული. ჩვენი ამოცანა იყო, რომ Wissol Petroleum-ის ირგვლივ ისეთი ეკოსისტემა შეგვექმნა, რომელიც მომხმარებელს მომსახურებას მხოლოდ საწვავის მომარაგებით არ გაუწევდა.

ახლა უკვე გვაქვს ისეთი გასამართი სადგურები, სადაც შემოსავლების ნახევარი საწვავის რეალიზაციაზე მოდის, მეორე ნახევარი კი - სხვა სერვისებზე, რაც არის სუპერმარკეტები და სარესტორნო ქსელები, რომელთა შორისაა: Wendy's, Dunkin' და ახლა უკვე Subway.

ეს იყო ძირითადი ფაქტორი, რატომაც გადავწყვიტეთ კვების ინდუსტრიით დაინტერესება და სარესტორნო ბაზარზე შესვლა. მართალია, თავდაპირველად, ეს პროცესი მარტივი არ იყო, რადგან ბევრ გამოწვევასთან მოგვიწია გამკლავება, თუმცა ახლა უკვე ჩვენთვის ახალი რესტორნების გახსნა პრობლემას აღარ წარმოადგენს“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ „საქმიან საღამოში“ სტუმრობისას.

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა კომპანიის განვითარების სამომავლო სტრატეგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მიზანი მომხმარებლისათვის სრულფასოვანი სერვისის მიწოდებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ „ვისოლში“ მისულ ადამიანს წვდომა უნდა ჰქონდეს ყველაფერთან, რაც მას სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები