კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
რატომ გადაწყვიტეს HONDA-მ და NISSAN-მა გაერთიანება?
საავტომობილო ინდუსტრია მასშტაბური გარიგების წინაშეა, როგორც ჩანს, იაპონურმა გიგანტმა, Honda-მ მის კონკურენტ კომპანიასთან, Nissan-თან გაერთიანება გადაწყვიტა. ამ ეტაპზე, გარიგების დეტალები უცნობია, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიების შერწყმის მიზანი ახალი თაობის EV - პლატფორმების შექმნა და ერთიანი ძალებით შექმნილი ავტომობილებით ჩინური კომპანიებისთვის სათანადო კონკურენციის გაწევაა. ცხადია, ეს გაერთიანება თანასწორუფლებიანობას არ გულისხმობს და Honda უფრო მეტად Nissan-ის მფლობელის როლს მოირგებს, ვიდრე პირდაპირი პარტნიორის, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ Honda თითქმის 4-ჯერ უფრო დიდი კომპანიაა, ვიდრე გაკოტრების პირას მყოფი Nissan-ი. Nissan-ი მორიგი ის კომპანიაა, რომელმაც ჩინური კონკურენტების ზეწოლას ვერ გაუძლო და ფინანსური კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდა. როგორც Financial Times-ის ანგარიშიდან ირკვევა, თუკი არსებული ვითარება არ შეიცვალა და კომპანიის რესტრუქტურიზაციის სტრატეგია ვერ გაამართლებს, მაშინ დაახლოებით 1 წელიწადში Nissan-ს გაკოტრების გამოცხადება და წარმოების შეჩერება მოუწევს.
90-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდის კოლაფსის ზღვარზე აღმოჩენა ჩინეთის, ამერიკისა და ევროპის ბაზარზე გაყიდვების დრამატულ შემცირებას უკავშირდება, რასაც, თავის მხრივ, ჩინური, ამერიკული, იაპონური და კორეული ავტომწარმოებლებისგან მომავალი ზეწოლა განაპირობებს. Nissan-ის დაღმასვლა ფრანგულ Renault-თან პარტნიორობის გაუქმებით დაიწყო, რომელსაც შემდეგ ჩინური ავტომწარმოებლებისგან „ფასების ომის“ დაწყება და ელექტრიფიკაციის ტენდენცია მოჰყვა, რომელსაც იაპონურმა ბრენდმა ფეხი სათანადოდ ვერ აუბა.
ამჟამად Nissan-ის გადარჩენის საკითხი პირდაპირაა დამოკიდებული ზემოხსენებული რესტრუქტურიზაციის სტრატეგიის ეფექტიანობაზე და Honda-სთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზე. ამ გარიგებაზე ინვესტორები იმდენად დიდ იმედს ამყარებენ, რომ ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში Nissan-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 23%-ით გაიზარდა.
Volkswagen-ი გერმანიაში ქარხნებს აღარ დახურავს
Volkswagen-სა და IG Metall-ის პროფკავშირების წევრებს შორის შეთანხმება მიღწეულია. ავტომწარმოებელი გერმანიაში ქარხნებს აღარ დახურავს, ხოლო თანამშრომლებს, სულ მცირე, 2030 წლამდე შეინარჩუნებს.
New York Times-ის ინფორმაციით, ავტომწარმოებელთან დათმობაზე პროფკავშირებიც წავიდა, რომლის მიხედვით, 2031 წლამდე ხელფასების მატების მოთხოვნა დღის წესრიგში აღარ დადგება. მიუხედავად ამისა, Autocar-ის ინფორმაციით, Volkswagen-ი 35 000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას განიხილავს. ამჟამად კომპანია გერმანიაში 120 000 პირს ასაქმებს, თუმცა მომდევნო წლებში მათი რაოდენობისა და გარკვეული ბენეფიტების შემცირებასაც აპირებს - ხარჯების მაქსიმალურად შესამცირებლად. ბოლო გადაწყვეტილებით, კომპანია გერმანიაში ყველა ქარხანას შეინარჩუნებს, თუმცა ორი მათგანის გადაკეთება მოუწევს.
ინფორმაციისთვის, გასულ თვეში, Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიას, გადასარჩენად, ხარჯების მაქსიმალურად შემცირება მოუწევდა. ყველაზე დიდი საფრთხე დრეზდენში მდებარე ქარხანას ემუქრებოდა, მაგრამ ამ გეგმით, ქარხნის გადარჩენა უკვე შესაძლებელი იქნება.
Lamborghini ელექტრომობილს ათწლეულის ბოლომდე არ გამოუშვებს
იტალიური ავტომწარმოებელი Lamborghini ათწლეულის ბოლომდე სრულად ელექტრო ავტომობილს აღარ გამოუშვებს. ბრენდის გადაწყვეტილებით, ელექტრომობილის გამოშვების სამიზნე თარიღმა 2026 წლიდან 2029 წლამდე გადაიწია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სტეფან ვინკელმენის განცხადებით, მდიდრული სპორტული ავტომობილების ბაზარი სრულად ელექტრიფიცირებისთვის ამ ეტაპზე მზად არაა. თავის მხრივ, Lamborghini-ის გადაწყვეტილება მრავალი შიდა თუ გარე ფაქტორით აიხსნება. ავტომწარმოებელი არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელმაც ელექტრიფიცირებასთან დაკავშირებული გეგმები შეცვალა.
Lamborghini-სგან განსხვავებით, დასახულ მიზნებს არ ცვლის მისი მთავარი კონკურენტი. თუ ყველაფერი თავდაპირველი გეგმის შესაბამისად შესრულდება, მაშინ, Ferrari-ის პირველ ელექტრომობილს მომდევნო წელს ვიხილავთ.
EU-ში შიგა წვის ძრავის აკრძალვაზე წინააღმდეგობა იზრდება
ევროკავშირში შიგა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წარმოება 2035 წლისთვის უდა შეწყდეს, თუმცა მიზნობრივი თარიღი ახლოვდება, ამ გეგმების სისრულეში მოყვანა რთულდება და ერთ დროს კანონმდებლობის მომხრეები, ახლა უკვე, მის მოწინააღმდეგეთა რიგებში ეწერებიან. 2035 წლის სამიზნე თარიღის გადაწევაზე მსჯელობენ, როგორც ავტომწარმოებლები, ასევე ევროპის სახელმწიფოებიც. ამჟამად, შიგა წვის ავტომობილებზე გეგმების ცვლილების მოთხოვნით ევროპარლამენტის უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფი - „ევროპის სახალხო პარტია" (EPP) გამოვიდა.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარტია ბრიუსელისგან აკრძალვის გაუქმებას ითხოვს.
EPP-ის შეთავაზებით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შიგა წვის ძრავა უნდა შენარჩუნდეს იმ ავტომობილებში, რომლებიც ალტერნატიულ საწვავს მოიხმარენ. გარდა ამისა, პროექტის დაშვებით, მწარმოებლებს, 2035 წლის შემდეგაც უნდა ჰქონდეთ საშუალება plug-in ჰიბრიდები აწარმოონ. ფაქტია, ევროპაში მოქმედმა ბევრმა ავტომწარმოებელმა თავისი EV მიზნები უკან დახია. მათ შორის იყო Volvo, რომელიც ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვას სავარაუდოდ, 2030 წლის შემდეგაც გააგრძელებს.
ჯერ კიდევ უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი. ფაქტია, რომ 2035 წლის რეგულაციები შესაძლოა ერთნაირად წაგებიანი აღმოჩნდეს, როგორც ავტომწარმოებლებისთვის, ასევე თავად ქვეყნების ეკონომიკისთვის. თუმცა თუ გეგმები არ შეიცვლება, კომპანიებს მასთან ადაპტირება მოუწევთ, რადგან ნაკლები შანსია მათ მიზნებში ევროპის 27 ქვეყნის ბაზარზე წვდომის დაკარგვა შედიოდეს.
როგორია Aston Martin-ის ახალი სუპერქარი? – Valhalla
ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ, Aston Martin-მა, რომელიც დახვეწილობისა და ელეგანტურობის სიმბოლოდ ითვლება, ახალი ჰიბრიდული სუპერქარი Valhalla წარადგინა, რომელიც კონკურენციას Lamborghini Revuelto-სა და Ferrari SF90-ს გაუწევს.
ამ ექსტრემალური პროპორციების მქონე ავტომობილის ცენტრში Mercedes-AMG-ის წარმოების V8 ტიპის 4-ლიტრიან ძრავას ვხედავთ, რომელიც F1-ის სტილის ჰიბრიდულ სისტემასთან ტანდემში 1,064 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 1,100 Nm-ის მაბრუნებელ მომენტს აფიქსირებს. ასეთი კომპლექსური არსენალის მიუხედავად, ავტომობილის წონა 1,655 კილოგრამს შეადგენს, რაც თანამედროვე სტანდარტებით საკმაოდ მსუბუქად შეიძლება ჩაითვალოს.
0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად Valhalla-ს 2.5 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ელექტრონულად არის შეზღუდული 350 კმ/სთ-ზე. მართალია, Valhalla ისეთი ექსტრემალური და გიჟური არ არის, როგორიც მისი უფროსი ძმა - Valkyrie, რომელიც V12-ით და სარბოლო აეროდინამიკური არსენალით არის აღჭურვილი, თუმცა უმცროსი ძმის კვალობაზე ის მაინც ღირსეულ სუპერქარად უნდა ჩაითვალოს.
როგორც ბრიტანულ კომპანიაში აღნიშნავენ, Valhalla შეზღუდული რაოდენობით იქნება ხელმისაწვდომი და ჯამში მისი 999 ეგზემპლარის გამოშვებაა დაგეგმილი. ცხადია, ყოველი მათგანი წინასწარაა გაყიდული, რაც ულტრა პრემიული სეგმენტის ავტომწარმოებლებისთვის სტანდარტული პრაქტიკაა. ფასს რაც შეეხება, Aston Martin-ის ჰიბრიდული სუპერქარის ღირებულება $1 მილიონიდან იწყება.