"ქართული ოცნების" დეპუტატებმა "ტურიზმის შესახებ" კანონში ცვლილება დააინიიცირეს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ქონის ვალდებულება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე არ ექნებათ. არსებული ჩანაწერით კი, ვალდებულება 1-ლი ივნისიდან უნდა შესულიყო ძალაში.
დოკუმენტში წერია, რომ, გასათვალისწინებელია, დადგენილების პროექტზე მუშაობის პროცესში გამოკვეთილი მთელი რიგი წინაპირობები, რომელთა გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ვადის გახანგრძლივება.
"კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „ტურიზმის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მოქმედება შეჩერდება 2026 წლის 1 იანვრიდან, ასევე, 2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდება ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაც „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღების თაობაზე" - წერია განმარტებით ბარათში.
"გადავადების მიზეზია ასევე ის, რომ ახალი რეგულაციების დანერგვა და ამოქმედება საჭიროებს მრავალსაფეხურიან მოსამზადებელ პროცესს, მათ შორის კერძო სექტორის, ასევე, უცხო ქვეყნის საელჩოებისა და საკონსულოების სათანადო ინფორმირებას, საინფორმაციო კამპანიების წარმოებას და სხვა შესაბამისი სახის ღონისძიებების გატარებას, რაც ეფექტიანად დაეხმარება სექტორს აღნიშნულ ცვლილებებთან ადაპტირების პროცესში.
საკითხი პარლამენტს პირველი მოსმენით, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ წარუდგინა. „ეს კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტურისტული დარგისთვის და სტიმული ასევე რომ ახალ რეგულაციასთან მოხდეს ადაპტირება“, - თქვა კირცხალიამ.
სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც მოგზაურობისას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესებით, მედიკამენტების საჭიროებით, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური თუ ქირურგიული ჩარევით არის გამოწვეული, რაც საქართველოში კიდევ მინიმუმ 1.5 წელი არ იმოქმედებს.