მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ“ - შიო III

შიო მესამე

პატრიარქი შიო III მიესალმება "ქართული ოცნების" ინიციატივას სუროგაციის აკრძალვაზე. როგორც მანდ დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ქადაგებაში განაცხადა, ხელისუფლებას ამ საკითხზე მართლმადიდებლურ ეკლესიასთანაც ჰქონდა კონსულტაციები.

"მინდა გამოვეხმაურო დიდი კმაყოფილებით იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ჩვენ ყველამ გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება სუროგაციის აკრძალვას საქართველოში.

ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ახლა არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით. დღეს რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ძალიან მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა და წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ.

ამას წინ უსწრებდა რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობაც, ერთმანეთთან საუბარიც ამ პრობლემის თაობაზე და სხვა კიდევ მიმდინარე პრობლემების თაობაზე და ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ თქვენ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების და დანერგვის თვალსაზრისით", - განაცხადა პატრიარქმა.

გუშინ, 22 ნოემბერს, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ეფუძნება სუროგაციასთან დაკავშირებულ ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს. კირცხალია ამბობს, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს, თუმცა ეკონომიკური სარგებელი ვერ გადაწონის ამ რისკებს.

„კონსულტაცია როგორც საქართველოს საპატრიარქოსთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გვქონდა საკმაოდ აქტიურად და მიღებულია ეს გადაწყვეტილება“, – თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები