საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მმართველმა გუნდმა საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხზე კომუნიკაცია საპატრიარქოსთან აქვთ.
"მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება.
გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე", - განაცხადა მან.
ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ ეხება ინვიტრო განაყოფიერებას.
„აქ არის ორი მიმართულება, ერთი ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება. ეს რჩება ისე, როგორც არის, ბევრი ფაქტორის და მიზეზის გამო. დარჩება ისევე მკაცრი რეგულირების ქვეშ, როგორც არის“, – აღნიშნა კირცხალიამ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სუროგაციის სფეროს შეზღუდვის მცდელობა 2023 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ საუბარი სრულ აკრძალვას არ ეხებოდა. მთავრობის ინიციატივით, სუროგაცია მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უნდა აკრძალულიყო და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაშვებული დარჩენილიყო.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებდა. პარლამენტში 2023 წლის 14 ივნისს წარდგენილ პროექტს თავდაპირველად დაჩქარებული წესით განიხილავდნენ და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მისი ამოქმედების ვადად 2024 წლის 1 იანვარს ასახელებდნენ.
მიუხედავად ამისა, მოგვიანებით კანონპროექტის განხილვა გადაიდო და პროცესი პარლამენტში შეჩერდა.
საკანონმდებლო პაკეტის შეჩერების ფონზე, მთავრობამ სუროგაციასთან დაკავშირებული სხვა შეზღუდვა აამოქმედა. 2024 წლის 29 თებერვალს ძალაში შევიდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სუროგატული დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან აღარ ანაზღაურდება.
























