მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა სუვერენიტეტის დაცვისთვის გადახდილი საზღაურია | ირაკლი კირცხალია

ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მიერ გამოქვეყნებულ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეყვანა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის გამო განხორციელებული ზეწოლის მორიგი მცდელობაა.

როგორც კირცხალია აცხადებს, „დიფ სთეითის“ ლოგიკით, რაც უფრო გრანდიოზულია ტყუილი და აბსურდული ბრალდება, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით გავრცელებულ განცხადებაში კირცხალია წერს, რომ პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ღიმილისმომგვრელია. მისი შეფასებით, RSF-ის მიერ გამოქვეყნებული სია ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის მორიგი მცდელობაა.

„თუმცა, როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია, რაც უფრო გრანდიოზულია ტყუილი, რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, რაც უფრო მეტად სცდება ყოველგვარ ზღვარს მისი უტიფრობა, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი. თითქოს ამ უკიდურესობაშია მისი ზემოქმედების ძალა, ანუ საკმარისია ტყუილი იმდენჯერ, ისეთი მონდომებითა და სიხშირით გაიმეორო, რომ აბსურდულობის მიუხედავად, თავად ბრალდება იქცეს ფაქტად“, - აცხადებს კირცხალია.

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ და მათთვის მიუღებელია ის ლიდერები, რომლებიც „ეროვნულ ინტერესებს იცავენ და გარე კარნახს არ ემორჩილებიან“. კირცხალიამ პარალელი გაავლო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან და აღნიშნა, რომ მაშინდელი ხელისუფლება, მედიაზე სრული კონტროლის მიუხედავად, დასავლელი პარტნიორებისგან „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებოდა, რადგან ის „უცხოელი პატრონების ინტერესებს ემსახურებოდა“.

უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, დღეს საქართველოში მედიაგარემო „მაქსიმალურად პლურალისტურია“ და ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ხელისუფლების მიმართ უმწვავესი კრიტიკის გამოხატვის სრული შესაძლებლობა აქვთ.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა სხვა არაფერია, თუ არა საზღაური, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე იხდის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ეროვნულ ინტერესს და სუვერენიტეტს გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად არ თმობს“, - აღნიშნა კირცხალიამ.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) გამოაქვეყნა „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ განახლებული სია, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმ პირთა და ორგანიზაციათა ჯგუფში მოხვდა, რომლებიც მედიასა და საინფორმაციო გარემოზე გავლენას ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტებით ახდენენ.

RSF-ის შეფასებით, მილიარდერი ოლიგარქი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ოფიციალური თანამდებობის არქონის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის უკან რეალურ მმართველ ძალად რჩება.

აღნიშნულ სიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 35-მდე ლიდერი და გავლენიანი ფიგურაა შეყვანილი, მათ შორის: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები