მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ბედი ელით მოქალაქეებს, რომლებიც სუროგაციას გეგმავდნენ? - კირცხალიას პასუხი

ირაკლი კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საქართველოში სუროგაციის აკრძალვა არ შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესში უკვე ჩართულები არიან, ხოლო მოქალაქეებს, რომლებსაც სერვისით სარგებლობა სამომავლოდ ჰქონდათ დაგეგმილი, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში. თუმცა, კირცხალიას არ განუმარტავს, რაში გამოიხატება "გვერდში დადგომა".

ამის შესახებ კირცხალიამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც დაინტერესდა, რას ეტყოდა მმართველი გუნდი ადგილობრივ ოჯახებს და ხომ არ შეუწყობდა აკრძალვა ხელს იატაკქვეშა ბიზნესის განვითარებას.

კირცხალიას თქმით, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა მიმდინარე პროცესები ბოლომდე მივა. რაც შეეხება სხვა მოქალაქეებს, უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ მათთვის სფეროს კომერციალიზაციასთან დაკავშირებული რისკები მორალურად და ეთიკურად გადაწონის აკრძალვით გამოწვეულ შეზღუდვას.

„დამერწმუნეთ, იმ ოჯახებისთვისაც, ვისაც შეიძლება ეს დაგეგმილი ჰქონდა და აკრძალვის შემდეგ ვეღარ განახორციელოს ეს ამბავი, მათთვისაც მორალურად და ეთიკურად ბევრად უფრო გადაწონის ის დიდი რისკები, რომლებიც ახლავს სამწუხაროდ ამ თემას, ამ თემის ასეთ კომერციალიზაციას. სახელმწიფო ყოველთვის ჩვენ მოქალაქეებს ყველაფერში გვერდში დაუდგება ყველა მიმართულებით, რაც ჩვენ შეგვეძლება“, - განაცხადა კირცხალიამ.

უმრავლესობის ლიდერი ასევე ეთანხმება მოსაზრებას, რომ ნებისმიერ სფეროში აკრძალვას შესაძლოა არალეგალური და იატაკქვეშა საქმიანობა მოჰყვეს. მისი თქმით, ამის თავიდან ასაცილებლად კანონის მიღებასთან ერთად მისი აღსრულების მექანიზმების გაძლიერება იგეგმება.

„ერთია ძალიან სწორად გაწერილი კანონმდებლობა და კანონი, და მე ვფიქრობ, რომ ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია შემდეგ ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, და ამასაც აუცილებლად გაიგებს საზოგადოება, რომ ეს იყოს მაქსიმალურად გაკონტროლებული, რათა არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს რაღაც არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის მაქსიმალურ პრევენციას გავაკეთებთ“, - აღნიშნა კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, უმრავლესობის სხდომაზე მიიღო. როგორც კირცხალიამ განაცხადა, საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება. ამავდროულად, მისი განმარტებით, ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება არ აიკრძალება, თუმცა მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები