ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ხელისუფლებას სუროგაციის სფეროში არსებულ ტრეფიკინგის რისკებზე კონკრეტული ინფორმაციები და ფაქტები აქვს, თუმცა მათ გასაჯაროებას ერიდება. ამის შესახებ მან სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილების კომენტირებისას ისაუბრა.
კირცხალიას თქმით, სახელმწიფოს არანაირი კონტროლი არ გააჩნია იმაზე, თუ რა ბედი ეწევათ საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებს ქვეყნიდან გაყვანის შემდეგ, ვინაიდან იმ სახელმწიფოების ჩამონათვალი, სადაც ისინი მიჰყავთ, შეზღუდული არ არის.
„პირველ რიგში, ვსაუბრობთ როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო რისკებზე. ფაქტებიც ვიცით. ზღვარი გვაქვს დასაცავი, როდესაც მთხოვთ, რაღაც ფაქტებზე და რისკებზე ხმამაღლა ვისაუბრო... ტრეფიკინგზე და ამის რისკზე როდესაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ მათქმევინებთ, რა ფაქტები ვიცით. ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე, სად მიდის. გიდასტურებთ, ძალიან ბევრი ფაქტი ჩვენთვის ცნობილია“, - განაცხადა კირცხალიამ.
უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლეთა 98% უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქეებზე კი მხოლოდ 2% მოდის. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სერვისის სრულად აკრძალვა ამ 2%-საც შეეხება, ადგილობრივი მოქალაქეები „გაგებით მოეკიდებიან“ გადაწყვეტილებას.
„სრულად ლეგიტიმურია თუნდაც იმ 2%-ის კითხვა, რომელმაც შეიძლება ვეღარ ისარგებლოს სუროგაციით. დამერწმუნეთ, ჩვენ, სახელმწიფო, ყველაფერს ვიზამთ, რომ დედობას და მშობლობის უფლებას როცა ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ყველანაირი გზით. მაგრამ როდესაც ასეთ რისკებზე გვაქვს საუბარი და მოგიყვანეთ ციფრები — 98 პროცენტის 2-თან შედარება, დამერწმუნეთ, ჩვენ ის საზოგადოება, იმ მენტალობის, იმ რწმენის და შეხედულების ქვეყანა ვართ, რომ ის 2%-იც თუ პროცენტ-ნახევარიც ძალიან გაგებით მოეკიდება იმ ძალიან დიდ რისკებს, რომლებიც ჩამოვთვალეთ“, - აღნიშნა კირცხალიამ.
საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, უმრავლესობის სხდომაზე მიიღო. როგორც კირცხალიამ განაცხადა, საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება. ამავდროულად, მისი განმარტებით, ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება არ აიკრძალება, თუმცა მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.























