მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა გლობალურად ავიაბილეთები

63368680c910d
თათია კაკიაშვილი
02.10.22 17:50
594
მოსკოვიდან დუბაიში ცალმხრივი ფრენა ეკონომ პაკეტით - 5000 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ავიაბილეთები თითქმის სულ გაიყიდა. ეს კი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში საბრძოლველად 300 000 რეზერვისტის "ნაწილობრივი" მობილიზაციის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე დღეში მოხდა. არადა 21 სექტემბრამდე 1 კვირით ადრე, დაახლოებით 5-საათიანი ფრენა $350 ღირდა.

28 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიახაზებზე, კერძოდ, FlyDubai-ზე, ცალმხრივ ეკონომ ბილეთებზე ფასები 2,577 დოლარიდან 4,773 აშშ დოლარამდე მერყეობს. ეს ნიშნავს, რომ ბილეთების ღირებულება რუსების საშუალო თვიურ ხელფასზე, რომელიც 965 დოლარია, 2½-ჯერ მეტია.

რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქიდან, სანკტ-პეტერბურგიდანაც დუბაიში პირდაპირი ფრენები 2600 დოლარს აღწევს. მოსკოვიდან აბუ დაბიში Etihad Airways-ზე ცალმხრივი ეკონომიური ფრენები დაახლოებით $3000 ღირს. 28 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის კვირეულში, აზერბაიჯანის ავიახაზების ეკონომ ბილეთი დუბაის მიმართულებით 988-დან 1040 დოლარამდე მერყეობს, რაც ბოლო პერიოდში გასამმაგებული რიცხვია.

ფასები გაზრდილია კერძო თვითმფრინავების შემთხვევაშიც, ანუ იმ რუსებისთვის, ვისაც სამშობლოდან გასაქცევად მეტი ფულის დახარჯვა შეუძლიათ. Guardian-ის ანგარიშით, კერძო თვითმფრინავებში რუსები ბოლო პერიოდში 21,300-დან და 26,600 აშშ დოლარამდე იხდიან. ეს კი ნორმალურ ფასზე 50-ჯერ მაღალი მაჩვენებელია.

გარდა დუბაის მიმართულებისა, ბოლო 1 კვირის განმავლობაში რუსეთიდან ფრენები ყველა მიმართულებით გაძვირდა და თითქმის ყველა ავიაბილეთი ელვის სისწრაფით გაიყიდა. მათ კი, ვისთვისაც ოკუპანტი სამშობლოდან თავის დასაღწევი ავიაბილეთები ფაქტობრივად აღარ დარჩა, რუსეთის დასატოვებლად თითქმის ყველა მოსაზღვრე ქვეყანასთან უზარმაზარი საავტომობილო რიგები შექმნეს. საზღვრის გადასაკვეთად, 12-დან 20 საათამდე ლოდინი რუსებს ახლა ფინეთთან, საქართველოსთან, ყაზახეთთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან უწევთ. მხოლოდ ყაზახეთის საზღვარი ბოლო რამდენიმე დღეში 100 000-მა რუსმა გადაკვეთა.

მაგრამ არაბთა გაერთიანებული საამიროები და, განსაკუთრებით, დუბაი რუსი მიგრანტების ფავორიტი ადგილია. მიზეზი ერთია - მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის ბრძანების შემდეგ, სანქციები დაუწესეს, რუსებმა მარტივი გამოსავალი იპოვეს - საცხოვრებლად მზიან უდაბნოში - ემირატებში გადასვლა, სადაც მათ სანქციები ჯერჯერობით არ ემუქრებათ.

მდიდარ რუსებს ასევე მიაწერენ დუბაის ძვირადღირებული ქონების ათვისებასაც, რადგან ოლიგარქები და სხვა ბიზნესმენები ახლა ემირატებში ცდილობენ მრავალმილიონდოლარიანი ზღვისპირა ვილების შეძენას. კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსია ისაა, რომ უკრაინაში ომამდე გაერთიანებულ საამიროებში სულ დაახლოებით 40 000 რუსი ცხოვრობდა, ახლა უცნობია, ეს რიცხვი რამდენად გაიზარდა.

წესით, რუს ახალწვეულებს ქვეყნის დატოვების უფლება ოფიციალური ბრძანების ჩაბარებამდე შეუძლიათ. ისინი, ოჯახებთან ერთად, სწორედ ამ პერიოდში ტოვებენ ქვეყანას და ტურისტული ვიზით ახლა უკვე საამიროებში მიფრინავენ. ვიზას ვადა 60 დღის განმავლობაში აქვს. თუმცა უცნობია, რა გეგმა აქვთ ოკუპანტი ქვეყნის მიგრანტებს ამ ვადის გასვლის შემდეგ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები