მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა მედიკამენტების ნაწილი - ირაკლი მარგველაშვილის შეფასება

მედიკამენტები

საქართველოს ბაზარზე რიგი მედიკამენტები გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, აპრილში წამლების ჯგუფის ნაწილზე ფასები გაზრდილი იყო.

კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, გასულ თვეს სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები წლიურად თითქმის 12%-ით იყო გაძვირებული, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები თითქმის 22%-ით, ხოლო ვიტამინები 11%-ით.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი BMG-სთან აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ფასები იმ ცალკეულ მედიკამენტებზეა გაზრდილი, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეფერენტული ფასები არ ეხება. ირაკლი მარგველაშვილის ვარაუდით, მედიკამენტების გაძვირების ძირითადი მიზეზი ევროსთან მიმართებაში ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა, რამაც საქართველოში ევროპიდან იმპორტირებული რიგი წამლები გააძვირა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მედიკამენტების ჯგუფის ფასის ცვლილებაზე, ზოგჯერ, სტატისტიკური მონაცემები შესაძლოა, არაერთგვაროვანი იყოს, ვინაიდან 1-2 პროდუქციის გაძვირებამ შესაძლოა, საშუალო ციფრის ცვლილება მოახდინოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასები მთელ ჯგუფში გაიზარდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმ მედიკამენტებზე, რომლებიც რეფერენტულ ფასწარმოქმნაშია შესული, იქ ფასი ფიზიკურად ვერ შეიცვლება, რადგან ის ეროვნულ ვალუტაშია ფიქსირებული და ის მხოლოდ იმ შემთხვევაში იცვლება, თუკი მას სპეციალური კომისია შეცვლის.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმ მედიკამენტებზე, რომლებიც რეფერენტული ფასწარმოქმნით არ რეგულირდება, ეს ყველაფერი იმპორტიორის და რეალიზატორის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. უმეტეს შემთხვევაში, რეალიზატორები ცდილობენ, რომ ფასები არ შეცვალონ. ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობას ევროს მიმართ, ამ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი კომპონენტი, ევროპიდან როდესაც შემოდის მედიკამენტი, იქ ევროშია ანგარიშსწორება, როდესაც იცვლება [შემოტანის] ფასი, იცვლება სარეალიზაციო ფასიც. თუმცა აქ საუბარია იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ ვრცელდება“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, ის რომ საქართველოს მედიკამენტების იმპორტი გაუძვირდა, ეს საგარეო ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკიდანაც ჩანს.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში 163.5 მლნ დოლარის ღირებულების 3 285 ტონა სამკურნალო საშუალებები შემოვიდა. მაშინ, როდესაც 2024 წლის იმავე პერიოდში ქვეყანაში 153 მლნ დოლარის ღირებულების 4 049 ტონა მედიკამენტები შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები