მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიწელა EBRD-ის სესხით ასაშენებელი ნაგავსაყრელის პროექტის მომზადება 7 წელი?

62039bfdf2f02
შოთა ტყეშელაშვილი
13.02.22 13:55
979
2015 წლის მაისში მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და EBRD-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ხელი მოაწერეს 7 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც ქვემო ქართლში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას შეეხებოდა. პროექტის გაფორმებიდან თითქმის 7 წლის გასვლის შემდეგაც ახალი ნაგავსაყრელი აშენებული არაა, მეტიც, მასზე აქამდე ტენდერიც არ იყო გამოცხადებული, თუმცა პროექტის მიხედვით, ევროპული სტანდარტების მყარი ნარჩენების პოლიგონს პირველი ნაგავი 2018 წელს უნდა მიეღო.

EBRD-მა პროექტზე ტენდერი 2022 წლის იანვრის ბოლოს გამოაცხადა. მყარი ნარჩენების პოლიგონის მშენებლობა 10 მლნ ევრო უნდა დაჯდეს, მასში 7 მლნ ევრო EBRD-ის კრედიტი, 3 მილიონი ევრო კი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) გრანტია.

პროექტის გაჭიანურების შესახებ BMG-იმ მყარი ნარჩენების კომპანიას მიმართა, სადაც განმარტავენ, რომ დონორების მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელებისთვის, კომპანია ვალდებული იყო ახალი პოლიგონის მოწყობისთვის დაეკმაყოფილებინა EBRD-ის ტექნიკური მოთხოვნები. როგორც კომპანია განმარტავს, თავდაპირველად შერჩეულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რომ ირღვეოდა ICAO-ს მოთხოვნა, რაც მარნეულის აეროპორტის გარშემო 13-კილომეტრიან ბუფერულ ზონას უკავშირდებოდა.

“კონსულტანტების შერჩევის და მათთან კონტრაქტის გაფორმების პერიოდი 2016 წელს დასრულდა და მხოლოდ მაშინ დაიწყო პროექტის განხორციელების ეტაპი.

იმისთვის რომ კომპანიას შესაძლებლობა ქონოდა მშენებლობის ტენდერის გამოსაცხადებლად, მთელი რიგი ეტაპების გავლა იყო საჭირო, რომლებიც თავის მხრივ დიდ დროს მოითხოვს და დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, როგორიც არის ობიექტის მშენებლობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის შერჩევა და ამისათვის მთელი რიგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება, ანდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კვლევა და სხვადასხვა სანებართვო პროცედურები, რომელთა შეთანხმებაც მთელ რიგ სტრუქტურებთან არის აუცილებელი. ობიექტის მშენებლობისთვის თავდაპირველად შერჩეული იყო ტერიტორია მარნეულის მიმდებარედ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩატარდა ტექნიკური ხასიათის კვლევები, შეფასდა გარემოზე ზემოქმედების ხარისხი და ზუსტად აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას, წავაწყდით სირთულეს. შერჩეულმა ტერიტორიამ ვერ დააკმაყოფილა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეკომენდაციები (ICAO) 13 კილომეტრიან ბუფერულ ზონასთან დაკავშირებით, რომელიც აითვალა მარნეულში მდებარე სამხედრო აეროდრომის ტერიტორიიდან.

2018 წლის დასაწყისიდან კომპანია იძულებული გახდა, საერთაშორისო ექსპერტების ხელშეწყობით დაეწყო ახალი, უკეთესი ლოკაციის მოძიება ობიექტის ასაშენებლად. მრავალი კვლევის და ალტერნატიული ტერიტორიების განხილვის შემდგომ, შეირჩა ტერიტორია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში და დაიწყო აღნიშნული ტერიტორიის კვლევები.

ასევე გასათვალისწინებელია პანდემიის პერიოდი, რომელმაც საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა სამუშაოების მიმდინარეობაზე და გაართულა ექსპერტების საქმიანობა პროექტის მსვლელობისას.

უკვე 2020 წელს კომპანიის მხარდაჭერით, კონსულტანტებმა დაასრულეს სკოპინგის ანგარიშის შემუშავება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინაპირობას წარმოადგენს. ანგარიში წარედგინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. 2021 წლის იანვარში, კომპანიამ სამინისტროსგან მიიღო სკოპინგის დასკვნა და ამის შედეგად შესაძლებლობა მოგვეცა დაგვეწყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების კვლევისა და ობიექტის დეტალური პროექტის შემუშავება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთელი რიგი სირთულეების გავლის შემდგომ ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი განხორციელების აქტიურ ფაზაშია. უახლოეს მომავალში დაგეგმილია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სხვა საჭირო შესაბამისი ნებართვების მოპოვება. მიმდინარე წინასაკვალიფიკაციო შერჩევის დაბრკოლებების დასრულების შემდეგ, კერძოდ თუ კომპანიას შესაძლებლობა მიეცემა შეარჩიოს კვალიფიციური სამშენებლო კომპანია, აღნიშნული ობიექტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდია 2022 წლის მეორე ნახევარი, ხოლო სამუშაოების დასრულების კი 2023 წლის ბოლო,” - განმარტავენ კომპანიაში.

პროექტისთვის ტენდერი თავად EBRD-მ გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტის (თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, ბოლნისი და დმანისი) 200,000-ზე მეტ მომხმარებელს მყარი ნარჩენების ახალი პოლიგონი მოემსახურება. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 28 თებერვლიდან უნდა დაიწყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები