მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გაიზარდა ჩინური AI კომპანია Zhipu-ს აქციები 35%-ით?

Zhipu

ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე ჩინური ხელოვნური ინტელექტის კომპანია Knowledge Atlas Technology-ის, იგივე Zhipu-ს აქციების ფასი რეკორდულად, 35%-ით გაიზარდა.

როგორც ირკვევა, ეს კომპანიის მიერ პირველი ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებამ განაპირობა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, Zhipu-ს შემოსავალი 2025 წელს, ფისკალურ 2024-თან შედარებით, 132%-ით გაიზარდა და 724 მილიონ იუანს ($100 მლნ.) მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი Reuters-ის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 760 მილიონ იუანს ($105 მლნ.) ოდნავ ჩამორჩა, ინვესტორთა ნდობა ბაზარზე კომპანიის დომინანტურმა პოზიციამ მაინც განაპირობა. აღსანიშნავია, რომ Zhipu პირველი მსხვილი ჩინური კომპანიაა, რომელიც ენობრივი მოდელების მიმართულებით მუშაობს. ის საფონდო ბირჟაზე სულ რაღაც 2 თვის წინ გავიდა და კაპიტალიზაცია $558 მილიონით გაზარდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შემოსავლების ზრდის მიუხედავად, მკვეთრად გაიზარდა კომპანიის ზარალიც. კერძოდ, 29.1%-ით და 3.18 მილიარდი იუანი ($439 მლნ.) შეადგინა. როგორც ირკვევა, ეს პირდაპირ კავშირშია კვლევისა და განვითარების (R&D) ხარჯების სერიოზულ მატებასთანაა. Zhipu-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჟანგ პენგის განცხადებით, კომპანია აქტიურად გადადის ადგილობრივი წარმოების ჩინური ჩიპების გამოყენებაზე, რათა დააკმაყოფილოს გამოთვლით სიმძლავრეებზე გაზრდილი მოთხოვნა და პარალელურად მოერგოს პეკინის სტრატეგიულ ხაზს. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვები კომპანიას მოწინავე ნახევარგამტების მიღების საშუალებას არ აძლევს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის იანვარში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა Zhipu ე.წ. „შავ სიაში“ ჩინეთის სამხედრო სექტორთან სავარაუდო კავშირის გამო შეიყვანა.

ცნობისთვის, Zhipu 2019 წელს ცინხუას უნივერსიტეტის მკვლევრებმა დააფუძნეს. ის დღეისთვის OpenAI-სა და Anthropic-ის მთავარ ჩინურ კონკურენტად მიიჩნევა. კომპანიის მიერ ახლახან წარდგენილი GLM-5 მოდელი, ოფიციალური მონაცემებით, ძირითადი პარამეტრებით ამერიკულ ანალოგებს არ ჩამოუვარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები