სამშაბათს Oracle-ის აქციების ფასი თითქმის 10%-მდე გაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტმა მესამე კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა და 2027 ფისკალური წლის შემოსავლების მოლოდინები გაზარდა.
კომპანიის კვარტალურმა მოგებამ ერთ აქციაზე $1.79 დოლარი შეადგინა და თითქმის $0.10 ცენტით გადააჭარბა მოლოდინებს. ამასთან, ჯამურმა შემოსავალმა $17.19 მილიარდ დოლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ქლაუდ მიმართულებიდან მიღებულმა შემოსავალმა, რაც როგორც მონაცემთა ცენტრების მომსახურების გაქირავებას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას მოიცავს, $8.9 მილიარდი შეადგინა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-იანი ზრდა დააფიქსირა. წმინდა მოგება ბოლო კვარტალში $3.72 მილიარდით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს თითქმის ერთი მილიარდით აჭარბებს.
როგორც აღინიშნა, აქციების ფასების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კომპანიის მიერ 2027 ფისკალური წლის შემოსავლების პროგნოზის $1 მილიარდი დოლარით გაზრდამ. ამ მოცემულობით, Oracle-ში ფისკალურ 2027 წელს $90 მილიარდის მიღებას მოელიან, რაც ავტომატურად გულისხმობს ინვესტორებისთვის დივიდენდების გაზრდას. როგორც ირკვევა, ამ პოზიტიური განწყობის მიზეზი ამ ხელოვნურ ინტელექტზე გაზრდილი მოთხოვნაა - Oracle-ის დარჩენილი სახელშეკრულებო ვალდებულებები. კონკრეტულად, მხოლოდ წელს, წლიურ ჭრილში კომპანიის ქლაუდ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა ოთხჯერ გაიზარდა და კონტრაქტების მოცულობამ $553 მილიარდ დოლარს მიაღწია. მენეჯმენტის განცხადებით, კომპანია გეგმავს $45-დან $50 მილიარდამდე კაპიტალის მოზიდვას, რათა გააფართოოს ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა და მომდევნო სამ წელიწადში 10 გიგავატზე მეტი გამოთვლითი სიმძლავრე აამოქმედოს.
კომპანიის თანადამფუძნებელმა და ტექნოლოგიურმა დირექტორმა, ლარი ელისონმა აღნიშნა, რომ AI კოდირების ხელსაწყოები Oracle-ს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფა ნაკლები ადამიანური რესურსით შექმნას.




























