ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებლის, Tesla-ს აქციების ფასი 8%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მიერ $1 მილიარდის ღირებულების აქციების ყიდვა გახდა. ამ ნაბიჯით მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარი კომპანიის 2.57 მილიონი აქცია შეიძინა და თითო მათგანში, საშუალოდ $380 დოლარი გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის შემდეგ მასკს Tesla-ს წილები აღარ შეუძენია. მილიარდერის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ბირჟაზე კომპანიისადმი ნდობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კომპანიის CEO-ს მიერ $1 მილიარდის ღირებულების აქციების ყიდვა დაკავშირებულია იმ ინიციატივასთან, რომელიც Tesla-ს მმართველმა ბორდმა გააჟღერა. საუბარია მასკისთვის არნახული, $1-ტრილიონიანი ანაზღაურების პაკეტზე, რომელსაც ის მიიღებს, თუ მომდევნო 10 წელიწადში კომპანიის კაპიტალიზაცია 10-ჯერ გაიზრდება და $8.5 ტრილიონს მიაღწევს. 2.57 მილიონი აქციის ყიდვით მასკს სურს გააჩინოს განცდა, რომ ის მართლაც არის დაინტერესებული კომპანიაზე ყურადღების სრულად გადატანით და რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალ წლებში Tesla-მ დასახულ მიზანს მიაღწიოს.




























