მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შაინბაუმი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ ილონ მასკის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას განიხილავს.
კონფლიქტი ორ პირს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ტექნოლოგიური კომპანიების მფლობელმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა X-ზე შაინაბუმის 2025 წლის ინტერვიუ გააზიარა და დაწერა - "ის იმას ამბობს, რასაც თავისი კარტელური ბოსების ავალებენ".
მასკის ამ განცხადებამ განსაკუთრებული ყურადღება იმიტომ მიიქცია, რომ რამდენიმე დღით ადრე მექსიკის არმიამ ერთ-ერთი უმსხვილესი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი, ნემეისო ოსეგერა, იგივე ელ მენჩო მოკლა. პოსტი კი ოფიციალურ მეხიკოს უჩენს განცდას, რომ მილიარდერი ხელისუფლებას კრიმინალურ სინდიკატებთან თანამშრომლობაში და ოსეგერას ლიკვიდაციის ერთად განხორციელებაში ადანაშაულებს.
როგორც ირკვევა, მთავრობის იურისტები უკვე სწავლობენ მასკის განცხადებას და განიხილავენ, რა სამართლებრივი ინსტრუმენტები შეიძლება იქნეს გამოყენებული ცილისწამების გამო მილიარდერისთვის პასუხის მოსათხოვნად. თუმცა ექსპერტები პრეზიდენტის მიერ დავის მოგებას ნაკლებად შესაძლებლად მიიჩნევენ, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში სიტყვის თავისუფლება საკანონმდებლო დონეზე განსაკუთრებითაა დაცული.
ილონ მასკის დაუსაბუთებელ განცხადებას მექსიკის მმართველი პარტიის ლიდერი, ლუისა ალკალდეც გამოეხმაურა და მილიარდერს მოუწოდა, ცილისწამებები შეწყვიტოს და საკუთარი პლატფორმა ნარკომანიისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენოს. “ფინანსური სიმდიდრე მორალურ ავტორიტეტს არ იძლევა” - განაცხადა ალკალდელმა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც მექსიკის არმიამ ნარკოკარტელის ლიდერი მოკლა, მექსიკაში კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან შეიარაღებული თავდასხმების ახალი სერია დაიწყო. პრეზიდენტი შაინბაუმი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში ვითარება მალე ჩაცხრება, რადგან, მისი თქმით, ხელისუფლება მდგომარეობის დასტაბილურებითაა დაინტერესებული და ნარკოკარტელებთან პირდაპირ საომარ მოქმედებებზე გადასვლა არ სურს.




























