მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გაუფასურდა თურქული ლირა 25%-ით?

თურქული ლირა

ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. 19 მარტს 1 ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 41 ლირას მიაღწია, რაც ერთ დღეში დაფიქსირებული 14%-იანი ცვლილებაა.

მართალია, ამჟამად კურსი 38 ლირის ფარგლებშია დასტაბილურებული, თუმცა ეს ერთწლიან პერიოდში მაინც 25%-ით გაუფასურებული მაჩვენებელია, რაც ძირითად ვალუტებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია.

როგორც ცნობილია, სავალუტო კოლაფსის შესაჩერებლად, ერთ დღეში თურქულმა საბანკო სექტორმა დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი გაყიდა, რითაც ლირის გამყარებას ხელოვნურად შეუწყო ხელი. ასეთი მასშტაბის ინტერვენცია თურქეთის ეროვნულ ბანკს არასოდეს განუხორციელებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვითარება ნამდვილად რთულადაა.

ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ქვეყანაში პოლიტიკური რისკების ზრდასთან და იმ მოცემულობასთანაა დაკავშირებული, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობა სულ უფრო მეტად მიიწევს ავტორიტარიზმისკენ, რასაც ინვესტორები პოზიტიურად არ აფასებენ. ასეთ დროს, ეროვნული ვალუტის შენახვა თავად თურქეთის მოქალაქეებსაც არ სურთ, რომლებიც კაპიტალის გადატანას უფრო მყარ ვალუტებში ცდილობენ, მათ შორის დოლარში და ევროში.

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან ერთად, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში თითქმის 40%-იანი ინფლაციაა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი 42.5%-ს შეადგენს, ანუ ლირის მსყიდველობითი უნარი მცირდება, ფასები იზრდება და სესხის აღება იმდენად ძვირია, რომ მისი გადაფარვა ფიზიკურად შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში თურქეთში ინვესტირება არავის სურს, რაც საერთო ჯამში, პრეზიდენტ ერდოღანთან და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული.

კრიზისიდან გამოსავლის გზას რაც შეეხება, ექსპერტების შეფასებით, უახლოეს მომავალში, ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციების განხორციელება მოუწევს, რათა ლირის გაცვლითი კურსი არ ჩამოიშალოს. ამის შემდეგ, აუცილებელი იქნება ინფლაციური წნეხის დაძლევა და რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რათა ბიზნესმა ამოსუნთქვა შეძლოს. თუკი თურქეთის მთავრობა ამ ყველაფერს როგორღაც მოახერხებს, ის მაინც ვერ იქნება მშვიდად, რადგან ერდოღანის გუნდის მიმართ საერთაშორისო ინვესტორებს ნდობა უკვე დაკარგული აქვთ, მის აღდგენას კი წლები დასჭირდება, დრო კი ფულია, რომლის გადახდა თურქეთის მოსახლეობას, როგორც ჩანს, თავად მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები