პარლამენტის ფასების შემსწავლელ კომისიაზე "ორი ნაბიჯის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ მელიქაძემ დეპუტატებს ჰკითხა თუ რატომ შეჩერდა ბანკის საკომისიოს მაქსიმალურ ოდენობად გადახდის ღირებულების 0.5%-ის დაწესების შესახებ კანონპროექტის განხილვა. მელიქაძე აღნიშნავს, რომ მაშინ როდესაც პარლამენტი მსჯელობს ფასების შესახებ მნიშვნელოვანია დეპუტატებმა იცოდნენ თუ რა შემოსავალს იღებენ ბანკები სასურსათო ქსელებში მათი ბარათების მომსახურებიდან.
ამასთან, მელიქაძემ განაცხადა, რომ გადახდების 60% ორი ნაბიჯის ქსელში საბანკო ბარათებით ხდება და საშუალოდ საკომისიო 1-2%-ის ფარგლებშია, რაც ყოველ 100 ლარზე 1-2 ლარის ტოლია. იმ შემთხვევაში თუკი საკომისიოდ 0.5% განისაზღვრებოდა, მისი მოცულობა ყოველ 100 ლარზე 50 თეთრი იქნებოდა.
"წლის დასაწყისში იყო მსჯელობა საბანკო ბარათით გადახდის საკომისიოზე. შემცირებულიყო პროცენტი 0.5%-მდე. რატომღაც შემდეგ ეს გაუქმდა. კითხვა მაქვს რატომ გაუქმდა. ეს გადასახადი, რაც 1-2%-მდეა ჩვენი დარგის მოგების ერთი მესამედია, თქვენ ჩვენ გვითვლით მოგებას და ახლა დაუთვალეთ ბანკებს მოგების მარჟა. ნორმალურია მთელ ქვეყანაში ბანკების მოგება აჭარბებდეს რეალური სექტორის მთლიან მოგებას? ეს ხომ არ არის ნორმალური. თქვენ თუ გინდათ სწრაფი შედეგები, აგერ ეს ინიციატივაა, რომელიც გაუქმდა. გადახდების 60% ბარათით ხდება,"- განაცხადა არჩილ მელიქაძემ.
საქართველოს პარლამენტმა ბარათით გადახდის მაქსიმალური საკომისიოების განმსაზღვრელი პუნქტი კანონპროექტიდან 2025 წლის ნოემბერში ამოიღო.




























