მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გაყიდა თურქეთმა $30 მილიარდის რეზერვები?

ლირა ერდოღანი

ირანის კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე თურქეთის სავალუტო რეზერვები მკვეთრად შემცირდა, რამაც საერთაშორისო ინვესტორებსა და ეკონომისტებში ქვეყნის ფინანსური მდგრადობის მიმართ სერიოზული ეჭვები გააჩინა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, კაპიტალის სწრაფი გადინების ფონზე, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ლირის სტაბილურობის შესანარჩუნებლად დაახლოებით $30 მილიარდი დახარჯა.

Bürümcekçi Research & Consulting-ის მიერ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული გათვლებით, სამკვირიან პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა $26 მილიარდის უცხოური ვალუტა გაყიდა. ამ მასშტაბურმა ინტერვენციამ გამოიწვია ის, რომ ქვეყნის წმინდა რეზერვები $43.4 მილიარდამდე შემცირდა.

დამოუკიდებელი ექსპერტების ნაწილი კიდევ უფრო პესიმისტურ მაჩვენებლებს ასახელებს და მიიჩნევს, რომ კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე რეზერვების საერთო კლებამ $34 მილიარდს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრმა, მეჰმეთ შიმშექმა უკვე საჯაროდ აღიარა, რომ ვალუტის სიმყარის შესანარჩუნებლად ცენტრალურ ბანკს აგრესიული ინტერვენციების განხორციელება უწევს.

ამ მასშტაბური ინტერვენიცების მიუხედავად, თურქული ლირა მაინც რეკორდულად არის გაუფასურებული და ერთი ამერიკული დოლარის ფასი ამჟამად 44.4 ლირას აღწევს, რაც ერთ წელიწადში თითქმის 15%-იანი გაუფასურებაა.

მიუხედავად კრიტიკული მდგომარეობისა, თურქეთს ჯერ კიდევ გააჩნია მნიშვნელოვანი ფინანსური ბუფერი ოქროს სახით. JPMorgan-ის მონაცემებით, ქვეყნის მფლობელობაშია $100 მილიარდზე მეტი ღირებულების ოქრო, საიდანაც დაახლოებით $30 მილიარდი ინგლისის ბანკშია დასაწყობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები