მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაზარდა სებ-მა სავალუტო კრედიტების ლიმიტი 750,000 ლარამდე - სებ-ის განმარტება

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 750,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. სებ-ის განცხადებით ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ. მიღებული ცვლილება 1 აგვისტოდან ამოქმედდება.

ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებაზე გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში ისაუბრა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა. მისი განცხადებით, ზღვრის აწევით დაახლოებით 1000 სესხი, რომელიც სხვა შემთხვევაში დოლარში გაიცემოდა, ახლა ლარში გაიცემა, ხოლო ამ კრედიტების ჯამური მოცულობა 150 მილიონ დოლარამდე იქნებოდა. უტიაშვილის თქმით, ამ ცვლილებით ეს მსესხებლები სავალუტო რისკებისგან უფრო დაცული იქნებიან. ამასთან, დავით უტიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმითაც, რომ სებ-ი კრედიტების დოლარიზაციის შემცირების ტრენდით კმაყოფილი არაა.

"ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჩვენი ფინანსური სექტორისთვის, ახლა როგორც თქვენ აღნიშნეთ სესხებში 43% კვლავ უცხოურ ვალუტაშია. ეს ვფიქრობთ არის განუზომლად მაღალი რისკი ჩვენი ეკონომიკისთვის და თუ შევხედავთ რეგიონსაც თითქმის ასეთი დოლარიზებული ქვეყანა არ დარჩა, ამიტომ დედოლარიზაციის კუთხით რომ ნაბიჯები იდგმება დამატებით, ეს პრინციპში არ უნდა იყოს გასაკვირი. ეს არის მომდევნო ნაბიჯი. კონკრეტულად ამ კომიტეტზე რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ეს განპირობებული იყო იმით, რომ დოლარიზაციის დონე ბოლო წელიწადნახევარში არ მცირდება ისეთი ტემპით, როგორც ვთქვათ წინა პერიოდებში მცირდებოდა, ამიტომ ჩვენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით წინა კვარტლებში და ესეც დამატებითი ერთი ნაბიჯია, რომლითაც ვფიქრობთ, რომ უბიძგებს პორტფელის დინამიკას, რომ ასე ვთქვათ დოლარიზაციის დონემ გააგრძელოს შემცირების ის ტენდენცია, რაც წინა პერიოდებში ახასიათებდა

ჩვენი ეს ნაბიჯი, როგორც აღვნიშნეთ, განპირობებული იყო იმით, რომ არ ვიყავით კმაყოფილი დოლარიზაციის ტემპით შემცირებით, დაველოდებით ტენდენციებს, ცხადია, ამას ყოველთვის გარკვეული დრო სჭირდება, ალბათ რამდენიმე კვარტალი. თუ ისევ არ იყო ვთქვათ ტენდენციები დამაკმაყოფილებელი, შეიძლება დამატებითი ინსტრუმენტი განვიხილოთ, კომიტეტი ამისთვისაც არის და იკრიბება საშუალოდ კვარტალში ერთხელ, თუმცა ამ ეტაპზე ამის თქმა რთულია,"- განაცხადა დავით უტიაშვილმა.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2025 წლის 1 იანვრიდანაც გაზარდა და დღემდე ის 500,000 ლარს შეადგენდა. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა, შესაბამისად დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ის ზღვრის კიდევ 250,000 ლარით ზრდას მოიცავს.

2025 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 64.2 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც ლარზე 56.75% მოდის, აპრილში ლარიზაცია დამატებით 0.14 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო წლიურ ჭრილში კი კრედიტების ლარიზაცია 1.50 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

მზარდია ფიზიკური პირების კრედიტების ლარიზაციის მაჩვენებელიც, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აპრილში ქვეყანაში დამტკიცებული ახალი იპოთეკური კრედიტების 78% ეროვნულ ვალუტაში გაიცა, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ახალი იპოთეკური სესხების ლარიზაცია 77%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები