მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ღირს ბავშვთა კვება ერთი და იგივე სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში? - "გეფას" პასუხი

ბავშვთა კვება

რატომ აქვს ბავშვთა კვების პროდუქტებს ერთი და იგივე ფასი სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში? - ეს კითხვა "ფასების საპარლამენტო კომისიის" სხდომაზე დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ რამდენიმე კომპანიას, მათ შორის GEPA-ს ხელმძღვანელებსაც დაუსვა. მან მაგალითად ერთი კონკრეტული პროდუქტი მოუყვანა, რომლის ფასიც სხვადასხვა ქსელში ანალოგიურია.

GPC-ს და "ფარმადეპოს" მმართველი კომპანია Gepha-ს დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა დაადასტურა, რომ ბავშვთა კვების პროდუქტებზე ფასები ძალიან ახლოს არის და განმარტა, რა იწვევს ამას.

“ფასები ყველას ნამდვილად ძალიან ახლოს გვაქვს. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და ჩვენი მომხმარებლის მხრიდან, ჩვენივე სისტემაში GPC აღქმულია, როგორც უფრო მაღალმარჟიანი და უფრო პრემიალური, ვიდრე „ფარმადეპო“, ფასები [ბავშვთა კვებაზე] იქაც კი ერთნაირია. უბრალოდ, GPC ასორტიმენტით, მიქსით და მდებარეობებით განსხვავდება.

რაც შეეხება კონკრეტულად შემთხვევას, [როცა ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვა ქსელში მაგალითად ღირს 84.90 ლარი], სავარაუდოდ, რომელიღაცა ქსელმა დასვა ეგ ფასი, მერე დანარჩენებმა დავინახეთ და ავყევით ყველანი. ვისაც ჰყავს პატარა ბავშვი, ის როგორც ქრონიკი, ისე იქცევა. ანუ ფაქტობრივად კვირაში ერთხელ, ორჯერ ახდენს შესყიდვას. ახლა დავუშვათ, რომ პირობითად ერთ-ერთ ქსელში კონკრეტული პროდუქტი ღირს 84 ლარი და 90 თეთრი, GPC-ში კი ღირს 86 ლარი და 15 თეთრი. მე დავკარგავ [მომხმარებელს]. ყოველ შემთხვევაში ეგეთი შიში გვაქვს”, - აღნიშნა "გეფას" დირექტორმა.

ჩაკითხვას - უფრო ნაკლები - 83 ლარი რომ დაუწესოს იგივე პროდუქტს ფასი, რა მოხდება, თორნიკე ნიკოლაიშვილმა ასე უპასუხა:

“ორ ნაწილად გაგცემთ პასუხს. ერთი ნაწილი არის ის, რომ მარჟა ბავშვთა კვებაში იმდენად დაბალია, ძალიან ბევრ კომპანიას ალბათ გაუჭირდება, რომ ფასები კიდევ უფრო მეტად დასწიოს. ასევე, [სააფთიაქო ქსელები] ბავშვთა ფასდაკლებებში და ბავშვთა დღეებში დროში ხოლმე საკმაოდ აცდენილები ვართ. შეიძლება ერთმა კომპანიამ აქცია ჩაუშვას და მერე მეორე კომპანია მიჰყვეს, მაგრამ ინიციირება სხვადასხვა დროს ხდება ხოლმე, თუ არ არის ტრადიციული მაგალითად პირველ ივნისთან დაკავშირებული რამე დღესასწაული”.

ცნობისთვის, დღეს ფასების საპარლამენტო კომისია ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ბავშვთა კვებაზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა მაღალ ფასებზე და კომისიის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა ამ ტიპის პროდუქციაზე რეფერენტული ფასების დაწესების შესაძლებლობასაც გაუსვა ხაზი. ამასთან, მისივე თქმით, თუ მიწოდების ჯაჭვში კომპონენტთა რაოდენობა შემცირდება, ამან შესაძლოა, ბავშვთა კვების პროდუქტების საბოლოო ფასის შემცირებაზეც იქონიოს გავლენა.

"შესაძლებელია, რეფერენტული ფასები ბავშვთა კვებაზეც დადგინდეს" - შოთა ბერეკაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები