მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ღირს ევროპასთან შედარებით საქართველოში რძე ძვირი - "ყვარლის ბაგას" განმარტება

ნათია გარგულია

საქართველოში რძე შედარებით ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, თუმცა, საქართველო, ევროპასთან შედარებით, განსხვავებულ მდგომარეობაშია - ამის შესახებ პარლამენტში, ფასების კომისიის პირველ სხდომაზე, რძის მწარმოებელი ფერმა "ყვარლის ბაგას" დირექტორი, ნათია გარგულია საუბრობს.

იგი განმარტავს, რა ფაქტორები თამაშობენ როლს საქართველოში რძის ფასწარმოქმნის დროს.

"ევროპის ფასებთან შედარებით, საქართველოში რძის ფასები არის ცოტათი მაღალი, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ ევროპასთან შედარებით, იმიტომ რომ ევროპაში ყველა ნედლეულზე ხელმისაწვდომობა გაცილებით მარტივია, ვიდრე საქართველოში ფერმერისთვის. და მერწმუნეთ, საქართველოში ფერმების რიცხვის გაზრდა ნამდვილად არ არის პირდაპირპროპორციული რძეზე ფასის შემცირებისა, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში, საკმაოდ ბევრი გამოწვევაა, რაც იწვევს ხარჯების ზრდას. მათ შორისაა იმპორტი, რომელზეც მეტწილად ვართ დამოკიდებულები. ყველაზე მსხვილი მომწოდებელი არის რუსეთი, გვინდა ეს თუ არა, ყველაზე ახლოა, მაგრამ აქედანაც კი, რუსეთში დაწესებული კვოტები, ექსპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების სიძვირე იწვევს იმას, რომ ჩვენს ხარჯებში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს იმპორტს.

იმპორტს ვახორციელებთ ჩვენ თვითონ, მომწოდებლებთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. ნედლეულში იმპორტის წილი დაახლოებით 70%-ია, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მიწები, რომლებსაც ვამუშავებთ და მოგვყავს საკვები საქონლისთვის. ეს არ არის საკმარისი და ამისგან ძირითადად სილოსს ვამზადებთ, რაც ჩვენი საკვების მოთხოვნის 20%-ია. საკვების 80% შემოგვაქვს ან ვყიდულობთ ადგილობრივი ფერმერებისგან. რაც შეეხება მარცვლეულს, ის 100%-ით იმპორტულია.

მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სახელმწიფოსგან მხარდაჭერის პროგრამები და აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან, ღირებულების დაახლოებით 16% არის სესხების მომსახურების ხარჯი, ანუ საკმაოდ დიდი წილი უჭირავს. სხვა ხარჯებს რაც შეეხება, მედიკამენტებია, რომლებიც წლიდან წლამდე ძვირდება. ფასები არაფერზე არ მცირდება, იზრდება და შესაბამის გავლენას ახდენს საბოლოო ნედლეულის ღირებულებაზეც", - განაცხადა ნათია გარგულიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები