მოდის დარგის ექსპერტი, სოფიო ანდღულაძე იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც ქართველი დიზაინერების სამოსი ძვირია. როგორც სოფიო ანდღულაძე BMG-სთან აღნიშნავს, შემოქმედებს ნედლეულის შეძენა უცხოეთში უწევთ, რაც პროდუქციას აძვირებს.
"საქართველო თავიდან ბოლომდე იმპორტზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ჩვენმა სექტორმა ტექსტილის და სხვა აქსესუარების წარმოება შეძლოს. იმ დროს, როდესაც ექსპორტზე ვართ ორიენტირებული, სწორი მარჟის დაჭერა შეუძლებელია. იმისთვის, რომ კომპანიებს მდგრადი გაყიდვები ჰქონდეთ, ნედლეული ჩვენ თვითონ უნდა ვაწარმოოთ. დიდ ფულს ვხარჯავთ ამ ნედლეულის მოძიებაზე. მივემგზავრებით ევროპაში, ნატურალური ქსოვილები ჩამოგვაქვს, ამის შესყიდვა, ორმაგი განბაჟება, შემდეგ კიდევ გამგზავრება, პროდუქციას სამმაგად და ოთხმაგად აძვირებს", - აცხადებს სოფიო ანდღულაძე.
კიდევ ერთ მიზეზად მოდის დარგის ექსპერტი ბიზნესმენების ნაწილში ცოდნის დაბალ დონეს ასახელებს.
"ცოდნას ჩავრთავდი, საჭიროა გაყიდვების არააკადემიური ცოდნა. როცა Buyer-თან გვაქვს ურთიერთობა, უნდა ვიცოდეთ, რომ გაყიდვების ფასი სხვაა. ეს იციან, მაგრამ რატომღაც ჰგონიათ, რომ თუ ერთეულებს გაყიდიან, უფრო ეფექტიანები იქნებიან. აქაც ცოდნა და ბიზნეს განათლებაა მნიშვნელოვანი. მოდა არის ბიზნესი და ამ ბიზნესს ძალიან მკაცრი წესები აქვს. აქ კიდევ უფრო განათლებული უნდა იყო", - აღნიშნავს მოდის დარგის ექსპერტი.