საქართველოში ხორცის მაღალი ფასები ძირითადად ადგილობრივი წარმოების სიმცირითა და იმპორტზე დამოკიდებულებით არის განპირობებული. კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებლის ბექა გონაშვილის შეფასებით, როგორც ღორის, ისე საქონლის ხორცის შემთხვევაში, ქვეყანა საკუთარ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც ბაზარი დიდწილად სხვა ქვეყნებიდან მიწოდებაზეა დამოკიდებული, რაც საბოლოოდ მომხმარებლისთვის ფასის ზრდას იწვევს.
„ჩვენთან საქონლის და ღორის ხორცში სხვადასხვა მდგომარეობაა. ძირითადად, ჩვენი პრობლემაა წარმოება. მაგალითად, ღორის ფასი საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, ბევრ ქვეყანაში არ არის ასეთი ღირებულება, მაგრამ ამას განაპირობებს ის, რომ მთლიანად ქვეყანაში ორი ფერმაა დარჩენილი, სადაც ხდება გოჭის წარმოება. იქაც როგორ ხდება, რანაირად, რამდენად ხარჯ-ეფექტურად, ეგ კიდევ ცალკე საკითხია.
რუსეთიდან ყოველთვიურად დაახლოებით 15-დან 20 ათას სულამდე შემოდის, საუბარია დასაკლავ ღორზე. არ არის აქ საუბარი გაყინულ ღორზე, ანუ ჩვენ თვითონ ვერ ვაწარმოებთ, ეს არის ის პრობლემა, რომელზედაც ბევრი წელია ვსაუბრობ.
რაც შეეხება საქონლის ხორცს, აქაც ანალოგიურად ხდება. საქართველოდან გადის ექსპორტზე ცოცხალი საქონელი, ასევე იკვლება ძალიან დიდი რაოდენობით ხბო და შესაბამისად, ქვეყანაში არ არის ნედლეული იმისთვის, რომ მერე გაასუქო, გაზარდო და მისი რეალიზაცია მოახდინო ადგილობრივ ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ დამოკიდებულები ვხდებით სხვა ქვეყნებზე. ამ შემთხვევაშიც რუსეთია, საიდანაც ცოცხალი საქონელიც შემოდის და ხორციც. ბელარუსიდან მხოლოდ ხორცი შემოდის.
რაც შეეხება დღგ-ს ნაწილს ხორცში, ადგილობრივი საქონელი გათავისუფლებულია, მაგრამ იმპორტირებული 18%-ით იბეგრება. შესაბამისად, ესეც უკვე ასახულია ფასში, რომელსაც მომხმარებელი იხდის.
ჩვენი მთავარი პრობლემა მაინც ისევ წარმოებაშია, მეორე პრობლემაა მიწოდების ჯაჭვში. ხშირად ამბობენ, რომ ფერმერებისგან ვაჭრები ყიდულობენ რაღაცას იაფად და მერე ძვირად ყიდიან. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მანკიერი მხარე, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ ამ ყველაფერსაც აქვს ხოლმე თავისი ახსნა, იმიტომ რომ რეალურად ფერმერი იმდენად პატარა მოცულობის არის, რომ დიდი ქსელი შეიძლება ამით არ დაინტერესდეს. ამიტომ არის ეს სქემაც ასე დალაგებული, ვიღაცა, ასე ვთქვათ, შუამავალია, რომელიც ყიდულობს და მერე ის ახდენს მომარაგებას სხვადასხვა ქსელებისაც. ასეთია დღევანდელი ფასწარმოქმნა.“ - განაცხადა გონაშვილმა.
ცნობისთვის, 2025 წელს საქართველოს ცოცხალი ღორების შეძენა გაუძვირდა. 11 თვეში საქართველოში 36 მილიონ 963 ათასი დოლარის ღირებულების 19 955 ტონა ცოცხალი ღორი შეიძინა. მაშინ როდესაც გასულ წელს ამავე პერიოდში 19 159 ტონა პირუტყვში 29 მილიონ 323 ათასი დოლარი გადაიხადა.




























