მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ იბრძვიან ტექ-გიგანტები ინდოეთისთვის?

ინდოეთი
სტატიაში საუბარია:

ტექნოლოგიური სექტორის ამერიკული გიგანტები მსოფლიოში ყველაზე დიდი სამომხმარებლო ბაზრის, ინდოეთისთვის იბრძვიან.

წამყვანი კომპანიების მიზანი მილიარდნახევრიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში პოპულარობის მოპოვება და პოზიციების გამყარებაა. ამ კუთხით განსაკუთრებულ კონკურენციას ერთმანეთს Google-ი, OpenAI-ი და Perplexity უწევენ. ბოლო თვეების განმავლობაში მათ აქტიურად დაიწყეს საკუთარი ძვირად ღირებული სერვისების უფასო პაკეტების ინდოელი მომხმარებლებისთვის შეთავაზება. მაგალითისთვის, Google-მა საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელის, Gemini-ს ყველაზე ძვირად ღირებული, $400-დოლარიანი Pro-პაკეტი ინდოეთის მოქალაქეებისთვის 18 თვის სრულიად უფასო გახადა. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით Alphabet-ის შვილობილი კომპანია ინდოეთის უმდიდრეს ოჯახთან, ამბანებთან თანამშრომლობს. კერძოდ, Gemini-ს Pro-პაკეტის უფასოდ მიღებას მხოლოდ ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც მუკეშ ამბანის ტელეკომუნიკაციების კომპანია Reliance Jio-ს ბარათებს ფლობენ.

Google-ისაგან განასხვავებით, სემ ოლტმენის OpenAI-მ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელის უფასოდ მთლიანი ინდოეთისთვის გამოუშვა. მილიარდ-ნახევარი მოსახლიდან ნებისმიერი, ვინც ChatGPT-ს $54-დოლარიანი პაკეტის გამოყენებას გადაწყვეტს, რეგისტრაციის შემდეგ სერვისს 1 წლით სრულიად უფასოდ მიიღებს. რაც შეეხება Perplexity-ს, AI ინდუსტრიის კიდევ ერთმა წამყვანმა კომპანიამ Airtel-ის ასობით მილიონ მომხმარებელს უფასოდ $200-დოლარიანი პაკეტი შესთავაზა.

როგორც ამერიკული მედია წერს, შეთავაზებების გამოცხადებიდან მალევე ხელოვნური ინტელექტის მოდელების ჩამოწერა და დღიური მოხმარება მკვეთრად გაიზარდა. მეტიც, ინდოეთი AI ჩეთბოტების გამოყენების კუთხით მსოფლიოს ყველაზე დიდ სახელმწიფოდ გადაიქცა. OpenAI-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო ერთ თვეში ყოველდღიური მომხმარებლების რაოდენობამ 73 მილიონს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 607%-იანი ზრდაა და ორჯერ აღემატება ChatGPT-ს ამერიკელი დღიური მომხმარებლების რაოდენობას. 17 მილიონი შეადგინა ბოლო ერთ თვეში Gemini-ს ინდოელი მომხმარებლების დღიურმა რაოდენობამაც, რაც შეეხება Perplexity-ს, თუ გასულ წელს ინდოელი მომხმარებლები საერთო რაოდენობის 7%-ს იკავებდნენ, ახლა მათი წილი 1/3-ს აჭარბებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ტექნოლოგიურ კომპანიებს ინდოეთის მიმართ რამდენიმე სტრატეგიული გათვლა აქვთ. უპირველეს ყოვლისა, ეს მსოფლიოს ყველაზე დიდ სამომხმარებლო ბაზარზე პოზიციების გამყარებაა, ბაზარზე, სადაც ტელეფონით 730 მილიონი ადამიანი სარგებლობს, ინტერნეტის მოხმარება კი ერთ პირზე ყოველთვიურად 21 გეგაბაიტს აჭარაბებს. მეორე მიზეზი, საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესაძლებლობების გაუმჯობესებაა. ექსპერტების შეფასებით, Google-ის, OpenAI-სა თუ Perplexity-სთვის AI მოდელის პრობლემური ნაწილების გამოვლენა, ახალი მონაცემებით შევსება და ცვლილებების დატესტვა ყველაზე კარგად სწორედ მსგავს მსხვილ ბაზარზე იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები