მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ იკამათეს კრისტინ ლაგარდმა და სკოტ ბესენტმა?

სკოტ ბესენტი და კრისტინ ლაგარდი

დიდი შვიდეულის ვიდეოკონფერენციაზე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა, აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის ოპტიმიზმი საჯაროდ გააკრიტიკა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ეკონომიკური შედეგების შეფასება გახდა.

მაშინ როდესაც ბესენტი ჰორმუზის სრუტის დე ფაქტო ჩაკეტვასა და ენერგეტიკულ შეფერხებებს დროებით მოვლენად მიიჩნევს, ლაგარდი ამტკიცებს, რომ რეგიონში განადგურებული ინფრასტრუქტურის მასშტაბები გლობალურ ბაზრებზე გრძელვადიან უარყოფით გავლენას იქონიებს.

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის განცხადებით, ნავთობის მოპოვებისა და დისტრიბუციის ჯაჭვი იმდენად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა რამდენიმე თვეც კი არ ეყოფა. სიტყვით გამოსვლისას სკოტ ბესენტმა დამსწრე ლიდერებს დამშვიდება ბაზარზე ნავთობის საკმარისი მარაგების არგუმენტით სცადა, ლაგარდმა კი მას უპასუხა, რომ ამჟამინდელი ვითარება იმდენად “წარმოუდგენელი მასშტაბისაა”, რომ მას მხოლოდ მარაგები ვერ უშველის.

როგორც ირკვევა, ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის მზარდი დაძაბულობის მიზეზი ევროზონის ეკონომიკის მოწყვლადობაა. თუ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა აშშ-ის ენერგოუსაფრთხოებას მძიმე დარტყმას არ აყენებს, სტრატეგიული მარშრუტის შეფერხება ევროპულ ბაზარზე ენერგორესურსების ფასებს მკვეთრად ზრდის. აღსნაიშნავია, რომ ომის დაწყების ფონზე მიმდინარე კვირას ევროზონაში ინფლაციის დონემ 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. არსებული ინფორმაციით, ევროპის ცენტრალური ბანკი, ყველაზე მძიმე შემთხვევაში, 2026 წლის ბოლომდე ინფლაციის 6.3%-მდე ზრდას პროგნოზირებს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და ამერიკელი მაღალჩინოსანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მიმდინარე წლის იანვარში ლაგარდმა პროტესტის ნიშნად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიც კი დატოვა. მისი თქმით, მიზეზი აშშ-ის ვაჭრობის მდივნის ანტიევროპული რიტორიკა გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები