მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ იკისრა EU-სთან შუამავლის როლი ფაშინიანმა? - კახა გოგოლაშვილის ანალიზი

კახა გოგოლაშვილი

ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ევროპარლამენტში საქართველოზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამას საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარების განწყობაზე რეალური გავლენა არ ექნება.

გუშინ, 11 მარტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ სომხეთის უდიდესი დაბრკოლება ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა და გაყინული პოლიტიკური დიალოგია.

"საქართველოსთან მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირმა ფაქტობრივად შეაჩერა 2024 წლის 27 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებების შემდეგ. ამის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „აგენტების კანონის“ მიღება.

პოლიტიკური დიალოგის ჩარჩოს სამართლებრივ საფუძველს ქმნის ასოცირების შესახებ შეთანხმების მეორე კარი, სადაც განსაზღვრულია დიალოგის სფეროები (რეფორმები, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხები, რეგიონული მნიშვნელობის თემები) და მისი ფორმები: - ასოცირების საბჭო (უმაღლესი დონე),- ასოცირების კომიტეტი (მინისტრების დონე),- ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი.გარდა ამისა, პოლიტიკური დიალოგი ასევე ხორციელდება პოლიტიკური დონის დიპლომატიური და სამთავრობო შეხვედრების ფარგლებში. არსებობს სპეციალური დიალოგის ფორმატებიც - ადამიანის უფლებებზე, უსაფრთხოებაზე და სხვა თემებზე. ეს ყველაფერი ეფუძნება ასოცირების შეთანხმებას და მისი წარმოება სავალდებულოა ორივე მხარისთვის.

ხშირად საუბრობენ, თითქოს ევროპარლამენტის რეზოლუციებს არავითარი ძალა არ აქვთ და ისინი „ფარატინა ქაღალდია“. თუმცა უნდა იცოდნენ, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისკენ 2023–2024 წლებში თავის რეზოლუციებში დაჟინებით სწორედ ევროპარლამენტი მოუწოდებდა.

საქართველოს ხელისუფლებისთვის ამ დიალოგის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან მისი შეწყვეტა ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციის ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებლად იქცა. ევროკავშირთან ასეთი ურთიერთობის რეჟიმი ქვეყანას მთლიანად საერთაშორისო ასპარეზზე უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, ამცირებს მის მიმართ პატივისცემას და ქმნის სხვა მრავალ პრობლემას. დიალოგის აღდგენას დაახლოებით ისეთი პოლიტიკური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, როგორიც ჰქონდა 2009 წელს აშშ-ის ობამას ადმინისტრაციასა და პუტინის რუსეთს შორის "RESET"- „გადატვირთვის“ პოლიტიკას.

რატომ იკისრა ამ საკითხში შუამავლის როლი ფაშინიანმა? მისი მოტივაცია შეიძლება რამდენიმე ფაქტორით აიხსნას. ერთი მხრივ, აქ შეიძლება იყოს შიდა პოლიტიკური და საარჩევნო ინტერესი - სომხეთის ამომრჩეველს დაანახოს, რომ ის არა მხოლოდ საკუთარ საკითხებს აგვარებს ევროკავშირთან, არამედ რეგიონშიც აქტიურ როლს თამაშობს და საქართველოსაც კი ეხმარება.

მეორე მხრივ, სომხეთის სახელმწიფო ინტერესშიც ნამდვილად შედის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ნორმალიზდეს, რადგან საქართველო სომხეთისთვის ევროპასთან კავშირის მთავარ არხად რჩება.

თავად შესთავაზა ფაშინიანმა ეს შუამავლობა საქართველოს მთავრობას, თუ მას ეს თხოვნა თბილისიდან მივიდა? სავარაუდოდ, ორივე მხარე მოტივირებული იყო ასეთი საუბრისთვის. შესაძლებელია, ფაშინიანმა ქართულ მხარეს ჰკითხა, რატომ არ ცდილობთ ევროკავშირთან ურთიერთობების გამოსწორებასო, ხოლო ქართულმა მხარემ უპასუხა, რომ დიალოგი ჩვენ არ გაგვიჩერებიაო. ამის შემდეგ ფაშინიანმა, სავარაუდოდ, შუამავლობა შესთავაზა და ევროკავშირში ამ საკითხის ლობირებაც იკისრა. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ფაშინიანის ვიზიტის მოსამზადებელმა ჯგუფმა ამ საუბრის სცენარი და მისი შედეგიც თავიდანვე გაითვალა და დაგეგმა.

საბოლოოდ, ფაშინიანი წარდგა ევროპარლამენტის წინაშე საქართველოსთან დიალოგის აღდგენის თხოვნით, იმავე დღეს, როცა ევროპარლამენტი საქართველოს მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ რეზოლუციას იღებდა. ცხადია, ნიკოლ ფაშინიანის ამ განცხადებას ევროპარლამენტარების განწყობაზე რეალური გავლენა ვერ ექნებოდა, რადგან საქართველოს საკითხზე ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე ათზე მეტი რეზოლუცია იქნა მიღებული და პარლამენტში საკმაოდ მყარი პოზიციაა ჩამოყალიბებული - უკან არ დაიხევენ მანამ, სანამ თავად საქართველოს ხელისუფლება მათი მოთხოვნების შესრულებას არ დაიწყებს. თუმცა, ფაშინიანს ამ "შიდაკავკასიურ და ევრო-ვექტორულ" სოლიდარობას აუცილებლად დაუფასებენ ბრიუსელში", - წერს გოგოლაშვილი.

ფაშინიანის გამოსვლიდან მალევე ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები სახელწოდებით "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები "ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში".

2024 წლიდან ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის დიალოგი შეჩერებული აქვს, ასევე ევროკომისიის განცხადებით, შეაჩერეს ფინანსური დახმარებაც. ევროკავშირის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მთავრობის ქმედებებს უკავშირდება, რაც ევროკავშირის განცხადებით, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და შეუთავსებელია მათ ღირებულებებთან. 2025 წლის ბოლოს ევროკომისიამ ასევე განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა. ბოლო გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით მიიღო დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს შეჩერება იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები