მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ირჩევენ უცხოელი სტუდენტები საქართველოს? - განმარტება

დავით თოფურია

უცხოელი სტუდენტების დაინტერესება ქართული უნივერსიტეტებისადმი სულ უფრო იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, 2023-2024 წლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათმა რაოდენობამ 30.7 ათასი შეადგინა, რაც 22.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. განსაკუთრებული მოთხოვნა ჯანდაცვის მიმართულებებზე ფიქსირდება. Galt & Taggar-ის კვლევის თანახმად, მიმდინარე წელს მათი დანახარჯები 800 მლნ ლარს გადააჭარბებს.

რატომ ირჩევენ უცხოელი სტუდენტები საქართველოს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა დავით თოფურიამ „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, უპირველესად, ამ მიმართულებით უნივერსიტეტის იმიჯს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებული სტუდენტი განსაზღვრავს, რადგან თუ საქართველოში კურსდამთავრებული საკუთარ ქვეყანაში წარმატებულია, აქ სწავლაზე მოთხოვნა იზრდება.

„სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოენოვანი სტუდენტების სწავლება წლებია მიმდინარეობს. სწავლების ტრადიცია განაპირობებს სტუდენტების დაინტერესებას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია კურსდამთავრებული რამდენად წარმატებული და დასაქმებულია თავის ქვეყანაში ამ სწავლების შემდეგ. საქართველოს იმიტომ ირჩევენ, რომ კარგი მაჩვენებლები გვაქვს.

დღეს სამედიცინო უნივერსიტეტში ყოველი მესამე სტუდენტი საერთაშორისო სტუდენტია. ჩვენთან მსოფლიოს 84 ქვეყნიდან სწავლობენ. იმ ქვეყნებიდანაც არიან, სადაც მედიცინა კარგად არის განვითარებული, უბრალოდ ზოგიერთ მათგანს უნდა სხვა ქვეყანაშიც ისწავლოს, რომ მერე ევროკავშირში, აშშ-ში ან კანადაში დახელოვნდნენ.

ბევრი შემთხვევაა, როცა დიდ ბრიტანეთში მიდიან ჩვენი კურსდამთავრებულები და იქ აბარებენ. ზოგი სტუდენტი კუნძულებიდან არის, სადაც სამედიცინო სკოლა იმდენად არ არის განვითარებული და იქაური ეროვნული გამოცდების გავლის შემდეგ ყველაზე მაღალრეიტინგულ სტუდენტებს ჩვენ ვასწავლით, ეს ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მიერ, სტიპენდიას უნიშნავს ჩვენი სახელმწიფო და საკმაოდ წარმატებულებიც არიან. რიდესაც თავის ქვეყანაში მიდიან მათი სამინისტრო და საბჭო გვწერს, ამ კურსდამთავრებულებმა რა ეტაპები გაიარეს და რამდენად წარმატებულები არიან“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები