პანდემიიდან გამომდინარე დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტის მიღების ვადამ ერთი წლით უნდა გადაიწიოს, - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი მორიგ განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები და ის გაუთანაბრდება ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს.
ნავთობიმპორტიორთა ასოციაცია თავისი მტკიცებულებების გასამყარებლად დიზელის იმპორტის სტატისტიკას იყენებს, რომლის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 159.3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 38%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 99.5 ათასი ტონა (23.7%), რუმინეთი - 56 ათასი ტონა (13.3%), თურქმენეთი - 55.9 ათასი ტონა (13.3%). მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ხდება როგორც ევრო 4, ასევე ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი საწვავის იმპორტი.
ნავთობიმპორტიორები აღნიშნავენ, რომ იმისთვის რომ ქვეყანა გადავიდეს ახალ სტანდარტზე, მას ავტოპარკის ავტომატურ რეჟიმში განახლებაც უნდა შეეძლოს, რაც დღეს არ ხდება.
„თუ 2021 წლიდან ამოქმედდება დიზელის საწვავზე მთავრობის ახალი დადგენილება, ერთადერთი ქვეყნიდან, საიდანაც დიზელის საწვავის იმპორტი ვეღარ განხორციელდება, იქნება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ვინაიდან აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ხორციელდებოდა არსებული ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაირაღება, რის შემდეგაც მათ უნდა ეწარმოებინათ ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავი. ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების გადაიარაღება უნდა დასრულებულიყო 2020 წლის ბოლომდე. თუმცა COVID-19 ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, რომელიც განსაკუთრებული სიმძაფრით მიმდინარეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, შეაფერხა ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაიარაღების პროცესი და მისი დასრულების ვადა გადაიწია 2021 წლის ბოლოსთვის. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ისევ ხდება ევრო 4 სტანდარტის შესაბამისი გაუმჯობესებული დიზელის საწვავის წარმოება.
უნდა აღინიშნოს, რომ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება, რომლის შემცირებასაც ემსახურება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტის შემოღება, შესაძლებელია არც შეიცვალოს, ვინაიდან ჩვენთან დიზელის საწვავზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების 50%-ზე მეტი განეკუთვნება ევრო 2 ეკოლოგიური კლასის სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც თავის დროზე იყო ევრო 2 სტანდარტის დიზელის საწვავის გამოყენებაზე ორიენტირებულნი და რომელთა მოძველებული ძრავის მუშაობის პარამეტრიდან გამომდინარე, გამონაბოლქვი აირის ზემოქმედება გარემოზე თითქმის იდენტურია ევრო 4 და ევრო 5 სტანდარტის დიზელის საწვავის გამოყენების შემთხვევაში.
ეკოლოგიური ეფექტის გაუმჯობესებისათვის საჭიროა, რომ საწვავის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად ხდებოდეს საავტომობილო პარკის განახლებაც, რაც სამწუხაროდ სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო ჩვენს ქვეყანაში, ჯერჯერობით, ვერ ხორციელდება. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წელს დაფიქსირებულია 1 374 431 რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ავტოპარკის 48% შეადგენს 20 წელზე ძველ სატრანსპორტო საშუალებებს, 38.7% - 11-20 წლის სატრანსპორტო საშუალებებს, 7.3% - 7-10 წლის სატრანსპორტო საშუალებებს, 3.8% - 4-6 წლის სატრანსპორტო საშუალებებს, 1.7% - 1-3 წლის სატრანსპორტო საშუალებებს, 0.5% - 1 წლამდე სატრანსპორტო საშუალებებს.
შესაბამისად დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე სახეზე გვაქვს, ქვეყანაში ეკონომიკის მნიშვნელოვანი ვარდნა და მომავალი წელიც იქნება ამ კუთხით საკმაოდ რთული, მართებული იქნება თუ საქართველოს მთავრობის მიერ მოხდება 2021 წლის 1 იანვარს მისაღები დადგენილების ერთი წლით გადავადება, რაც უზრუნველყოფს, რომ საქართველოში კვლავ იქნება წარმოდგენილი აზერბაიჯანული საწვავი, რომელიც 10-15 თეთრით იაფია სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დიზელის საწვავი გამოიყენება იმ პირთა მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ეკონომიკურ საქმიანობაში. კერძოდ, საავტომობილო გადაზიდვები, დისტრიბუცია, მშენებლობა, ენერგეტიკა. მათ შორის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ წვდომა შედარებით იაფ პროდუქტზე.
ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება, ასევე გამომდინარე იქნება იმ ვითარებიდან, რომ აზერბაიჯანულ მხარეს არ ჰქონდა ობიექტურად შესაძლებლობა, რომ პანდემიის პირობებში დაესრულებინა გადამამუშავებელი ქარხნების მოდერნიზების საკითხი”, - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.