მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იყიდება ჩინეთში iPhone-ები 20%-იანი ფასდაკლებით?

iPhone

ჩინეთში ყოველწლიური შოპინგ-ფესტივალი, სახელწოდებით 618 დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს უდიდესი კომპანიები, რომელთაც ამ პერიოდში მაქსიმალური შემოსავლის მიღება სურთ, საკუთარ პროდუქციას დიდი ფასდაკლებებით ყიდიან. ასეთი კომპანიების ჩამონათვალში ამერიკული Apple-იც მოხვდა, რადგან დიდ ჩინურ ონლაინ-პლატფორმებზე iPhone-ების კონკრეტული მოდელები 20%-იანი ფასდაკლებითაც ივაჭრება, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ფასდაკლება, რომელიც მაღაზიებმა Apple-ის მომხმარებლებს თებერვალში შესთავაზეს.

როგორც ჩანს, ფასდაკლებების სეზონს ამერიკული კომპანია ჭკვიანურად იყენებს, რათა ჩინეთში რაც შეიძლება მეტი iPhone-ი გაყიდოს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარზე საკუთარი წილი გაზარდოს. თან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში, ჩინეთში Apple-ის შემოსავალმა წლიურად 25%-ით იკლო, ხოლო საბაზრო წილი 15%-მდე შემცირდა, რაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ბაზარზე არსებულ კონკურენციას უკავშირდება. Apple-ის პირდაპირი კონკურენტის, კორეული Samsung-ის მიერ წელს გამოშვებული S24-სერია ძალიან მძლავრი გამოვიდა, ხოლო S24 Ultra დღემდე საუკეთესო დიდ სმარტფონად ითვლება ბაზარზე. ამასთან, საინტერესო ფლაგმანური სმარტფონები ჩინურმა კომპანიებმაც გამოუშვეს, მათ შორის Huawei-მ.

თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩინეთში შექმნილი რთული მდგომარეობის და iPhone-ის გლობალური შემოსავლის 10%-იანი კლების მიუხედავად, Apple-მა პროგნოზირებულზე უკეთესი კვარტალური შედეგები გაასაჯაროვა და აქციების გამოსყიდვის დიდი პროგრამაც დააანონსა, რითაც ინვესტორების გულები მოიგო. ამასთან, 2024 წლის პირველ კვარტალში 46.6%-მდე გაიზარდა Apple-ის მოგების მარჟა, ხოლო თავად კომპანია შემდეგ კვარტალში უკეთეს შედეგებს პროგნოზირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები