ოქროს საერთაშორისო ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ერთ კვირაში ძვირფასი ლითონის ფასი 3%-ით გაიზარდა და უნცია ოქროს ღირებულებამ 1,859 დოლარს მიაღწია.
ოქროზე მოთხოვნის ზრდა მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების მკვეთრი მატებითა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდითაა განპირობებული. ზოგადად, ოქრო ინფლაციისგან ჰეჯირების ერთ-ერთ ტრადიციულ საშუალებად ითვლება, ცენტრალური ბანკები კი მას ფინანსური არასტაბილურობისგან თავის დასაზღვევად ყიდულობენ.
ოქროს გაძვირება ინვესტორების მოლოდინებთან და ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და ინგლისის ბანკმა დეკემბერში მონეტარული პოლიტიკის 50-50 საბაზო პუნქტით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს, ნაცვლად 75 პუნქტისა. გარდა ამისა, FED-მა რეფინანსირების განაკვეთის ზრდის ტემპის შენელება დააანონსა.
გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპის შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს. მსოფლიოს მასშტაბით შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა და დასუსტებული ეროვნული ვალუტები ოქროს ინვესტორებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია.
ზოგადად, ოქროსა და დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი კაპიტალი არა 0%-იანი ამონაგების მქონე ოქროში, არამედ სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტაში დააბანდონ, განსაკუთრებით კი აშშ-ში, სადაც ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აგრესიულ სტრატეგიაზეა გადართული.
აქვე აღსანიშნავია, რომ გასული წლის მესამე კვარტალში გლობალურმა ცენტრალურმა ბანკებმა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების 400 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.