მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენს ხარჯავენ ქართველები ოქროს სამკაულების შესაძენად?

645915d7389e9
თათია ჩაფიჩაძე
08.05.23 23:50
1499

კომპანია „ზარაფხანას“ პროდუქციის მყიდველების 95% საქართველოს მოქალაქეები არიან. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, გაყიდვების მაჩვენებლები მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებდა 2022 წელსაც და ეს ტრენდი მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც ნარჩუნდება.

„2022 წელი დავასრულეთ რეკორდული გაყიდვების მაჩვენებლებით. მიმდინარე წელსაც გვაქვს მოთხოვნის ზრდა, აპრილი დავხურეთ 50%-იანი მატებით წინა წელთან შედარებით, მაისთანაც ანალოგიური მოლოდინები გვაქვს. „ზარაფხანას“ პროდუქციის მომხმარებლები 95% შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები არიან. მოხარულები ვართ, რომ მოთხოვნა იზრდება ქვეყნის შიგნით და არ ვართ დამოკიდებული ტურისტების რაოდენობაზე, თუმცა ცხადია ესეც გარკვეულ პოზიტიურ გავლენას ახდენს. ადგილობრივები უფრო ხელგაშლილები არიან და მაღალი საფასო სეგმენტის პროდუქტს ყიდულობენ, უცხოელების საშუალო ჩეკი კი დაახლოებით 2000-3000 ლარია.“ - განმარტავს სამხარაძე და აღნიშნავს, რომ კომპანიის წილი ბაზარზე 30%-ია.

მისივე ინფორმაციით, 1,5 თვეში კომპანია ახალი საწარმოს მოწყობას დაასრულებს, საწარმოს გადაიარაღებისთვის ჩადებული ინვესტიციის მოცულობა 1,5 მლნ ლარია.

„ახალი საწარმოო ფართი თბილისში რემონტის პროცესშია სადაც წარმოება სრულად გადავა, ნაწილობრივ გადავა არსებული ინვენტარიც, თუმცა ნაწილი გზაშია და დაგვემატება. ეს იქნება წარმოების გაზრდა და ახალი შესაძლებლობების შეძენა. 1 თვეში დავასრულებთ პროცესს და მედია ტურსაც მოვაწყობთ. ინვესტიციის მოცულობა 1,5 მლნ ლარია რომელიც უკვე ჩაიდო. ასევე გეგმაშია ახალი მექანიზმების შეძენა, რომელიც წარმოებას მოქნილს გახდის და ამის ბიუჯეტად განვიხილავთ 300 ათას ევროს, რომელიც ასევე ამ წლის ბოლომდე უნდა განახორციელოს კომპანიამ.

დღეისთვის წარმოდგენილები ვართ სამი ფილიალით თბილისსა და ბათუმში. ასევე გვაქვს ონლაინ მაღაზია, რომლითაც ვახორციელებთ მიწოდებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ჩვენი კონკურენტი ნაკლებად არის ოქროს ბირჟა, რაც შეეხება იმპორტირებულ ნაწარმს, ამ ნაწილში ვცდილობთ მათთვის ჯანსაღი კონკურენციის გაწევას. ჩვენი წილი ბაზრის 30%-ია,“ - აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები