მსოფლიოს მასშტაბით ოქროზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. მიმდინარე კვირას უნცია მეტალის ფასმა 2,000 დოლარს გადააჭარბა და ექსპერტები იმასაც მოელიან, რომ მომავალ წელს ოქროს ფასი 2,100 დოლარს მიაღწევს.
ზოგადად, ოქრო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოცდილი ღირებულების შემნახველი აქტივია, რომელსაც ადამიანები 7,000 წელიწადზე მეტი ხანია იყენებენ. ამ ძვირფას მეტალს მრავალფეროვანი პრაქტიკული და საინვესტიციო დანიშნულება აქვს.
ოქროს გაძვირების მიზეზებზე „საქმიან საღამოში“ სტუმრობისას, კომპანია „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ ისაუბრა.
„ოქრო ყველაზე სანდო აქტივია, რომელშიც ინვესტორები სწორედ მაშინ იღებენ თანხის დაბანდების გადაწყვეტილებას, როდესაც მსოფლიოში კრიზისი და ქარტეხილებია. ასეთ პერიოდში მყისიერად იზრდება ოქროს ფასი, მაგალითად, სწორედ ასე მოხდა კოვიდპანდემიის დაწყების დროს, როდესაც უნცია ოქროს ფასი 1,400 დოლარიდან $2,000-მდე გაიზარდა. ამ პერიოდში საქართველოში ოქროს ფასმა 138 ლარიდან 204 ლარამდე მოიმატა.
ასეთი ვითარება იყო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროსაც, როდესაც ოქროს ფასმა მკვეთრად მოიმატა. ამჟამად მსოფლიო მორიგი კრიზისის წინაშეა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონს უკავშირდება. ისრაელთან მიმართებით ვითარების ესკალაციის პირობებში, ამჟამად ვხედავთ ოქროზე მოთხოვნის ზრდას.
გარდა ამისა, ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ნოემბერ-დეკემბერში ოქროზე მოთხოვნა ბუნებრივად იზრდება, რაც ციკლურობიდან გამომდინარეობს და ის საახალწლო პერიოდს უკავშირდება, როდესაც საიუველირო საჩუქრებსა და ოქროზე მოთხოვნა ყოველწლიურად ბუნებრივად იმატებს“, - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ „საქმიანი საღამოს“ ეთერში.
„ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა საერთაშორისო ტენდენციების ადგილობრივ ბაზარზე ასახვის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბირჟაზე არსებული ვითარება ფაქტობრივად მყისიერად აისახება ქართულ ბაზარზეც, თუმცა ოქროს ფასის ცვლილებასთან ერთად, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ვალუტის კურსიც, რადგან ამ ფაქტორმა, შესაძლოა, ფასის მერყეობა შეამციროს ან პირიქით - გაამძაფროს.