მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ოქროს გაძვირება გაგრძელდება, ფასის კორექტირება მოგვიწევს - „ზარაფხანა“

ოქრო

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება. 5 მარტს უნცია მეტალის ღირებულებამ რეკორდულ 2 140 დოლარს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

BMG დაინტერესდა, რა გავლენა ექნება ოქროს გაძვირებას ადგილობრივ ბაზარზე. „ზარაფხანას” დირექტორი, თორნიკე სამხარაძე ამბობს, რომ ძვირფასი ლითონი საქართველოშიც გაძვირდა, თუმცა ჯერჯერობით კომპანია ნაკეთობებზე ფასს ინარჩუნებს.

მისივე განმარტებით, თუ ოქროზე ფასის ზრდა გაგრძელდება, რისი მოლოდინიც არსებობს, საიუველირო სახლს ფასების კორექტირება მოუწევს.

„საქართველოში სუფთა ოქროს ფასიც შესაბამისად გაიზარდა, ბოლო ერთ კვირაში 4 ლარით გაგვიძვირდა, რაც საკმაოდ სერიოზული მატებაა. ჩვენს ნაკეთობებზე ჯერჯერობით ფასის მომატებას არ ვჩქარობთ, თუმცა ეს ტენდენცია თუ შენარჩუნდა, რისი დიდი მოლოდინიც გვაქვს, რა თქმა უნდა, ფასების დაკორექტირება მოგვიწევს. დაახლოებით ორი თვე თუ გაგრძელდა ფასების მატება, უკვე იძულებულნი ვიქნებით, რომ ფასი არსებულ რეალობას მოვარგოთ“,- განაცხადა „ზარაფხანას” დირექტორმა BMG-სთან.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მოთხოვნა პიკურ დონეზეა, თუმცა ფასების მატების შემთხვევაში, გაყიდვები შემცირდება.

„როგორც თებერვლის, ისე მარტის მოთხოვნა პიკურ მაჩვენებელზეა, რასაც არ ველოდით. თუ იძულებულები გავხდებით, რომ ფასები გავზარდოთ, რაღაც პროცენტით გარკვეულ ნაწილს აუცილებლად დავკარგავთ“,- განმარტავს თორნიკე სამხარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები