მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება ეკონომიკა და მცირდება ინვესტიციები? - გიორგი ისაკაძის საავტორო ეპილოგი / 13.09.2026

სახეზე გვაქვს დაახლოებით 8% იანი მიმდინარე ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით 6% იანი ინფლაცია, საკმაოდ აქტიური ბრუნვები თვის და კვარტლების ჭრილში, ძლიერი და ამ ეტაპზე საიმედო პარამეტრები ფისკალური და მონეტარული თვალსაზრისით. მზარდია რეზერვების და საპენსიო ფონდის ამონაგებიც.საგადამხდელო ბალანსიც გაუმჯობესების გზაზეა და ეს ფაქტი მნიშვნელოვანია აღინიშნოს. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკურ ექსპერტულ წრეებში, ცხადია ვისაც ნეიტრალური,პროფესიული და ცივი გონებით მსჯელობის უნარები და კომპეტენცია აქვთ, აქტიურად განიხილებოდა ეკონომიკური ზრდის ხარისხი. ექსპერტთა ნაწილი მიუთითებს, რომ ეს ზრდა არა საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებით, არამედ ძირითადად საგარეო ფაქტორებით და შიდა მოხმარებითაა განპირობებული, და უკვე ჩანს ამ ტენდენციის მილევის ნიშნები ან შესაძლო ზრდისაც. ამ ნაწილში ანუ მილევადში ბოლომდე რთულია დაეთანხმო მოსაზრებას რადგან რუსეთიდან კვლავ დაიძრა შედარებით მცირე მაგრამ მაინც ნაკადი ზრდასრული ადამიანებისა, ვინც გაურბის სამშობლოში ოკუპანტურ სამხედრო რეალობას და ცდილობს მშვიდი საცხოვრისი და სამუშაო სივრცე მოძებნოს. მაგრამ ის რომ საინვესტიციო გარემო გაუმჯობესებას არ განიცდის მისთვის დამახასიათებელი ფუძემდებლური ფაქტორების გამო, ეს ფაქტია. და მეტიც, ის რომ უარესდება და კლებაშია რეინვესტიციაც, მიუთითებს რომ კაპიტალი საქართველოდან მცირედით, მაგრამ მაინც სხვა გეოგრაფიებში ეძებს ახალ ადგილებს.კაპიტალის დივერსიფიცირებას აქვს თავისი კანონზომიერი ახსნა. დიახ, მცირედი მაგრამ ფაქტია, საქართველოდან ქართველი ინვესტორების თანხების გადინების ფაქტები ფიქსირდება და ამისთვის ყველაზე საიმედოდ წლების მანძილზე არაბეთის ქვეყნები მიიჩნეოდა, შემდეგ კვიპროსი და ბოლოს, დივერსიფიცირებამ ახალი გეოგრაფიებიც გააჩინა-აქვს თუ არა ინვესტიციების კლებას საქართველოში კანონზომიერი ხასიათი ეკონომიკის საფუძვლებიდან გამომდინარე? დიახ, ცალსახად ასეა,კანონზომიერების დანახვა ეკონომიკის გადმოსახედიდან აქაც შეიძლება. რადგან ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში შესაძლოა ხელს უწყობდეს არსებული მაკრო პარამეტრების სიჯანსაღე, პოლიტიკური შიდა სტაბილურობა, სხვა ქვეყნების ფონზე საგარეო პოლიტიკური საფრთხეების მინიმიზებაც,მაგრამ ინვესტორების დიდი ნაწილისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი რჩება რამდენიმე ფაქტორი, როგორც კრიტიკული გარემოება რაც საქართველოში არ გვაქვს ინსტიტუციების სახით: ეს არის სამართლის გამართული, სწრაფი, კომპეტენტური სისტემა თავისი კანონებით, მათი გარჩევა განსჯით და ხშირად ხარვეზებით აღსრულებაში. სასამართლო სისტემა რჩება ქვეყნის მთავარ აქილევსის ქუსლად, ისევე როგორც, მთლიანად, სახელმწიფო მმართველობის სისტემა. ინვესტორების დიდი ნაწილისთვის საბოლოო ჯამში მიუღებელია ვითარება, როცა ქვეყანას ჰყავს მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტიც, პოლიცია, საგადასახადო და ყველაფერი, თითქოს ადგილზეა,მაგრამ ინვესტორებისთვის საბოლოოდ არასდროს იქნება მისაღები, რომ მთელი ეს სისტემა ანუ ქვეყნის მართვა ხდება არა დადგენილი წესებით,გასაგები კანონებით არამედ ქვეყნის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის ხედვებიდან და გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე. ამას ემატება, ქვეყნის საკმაოდ გაურკვეველი და ეკლექტიკური საგარეო პოლიტიკური კურსი,სადაც საქართველოს ცალსახა უპირატესობას იყოს კარიბჭე აზიის და ევროპული ბაზრებისთვის, გამორჩეული პრეფერენციებით და შეღწევადობით ევროპის უმდიდრეს ბაზარზე კითხვის ნიშნის ქვეშ არის. საბოლოოდ ის ინვესტორებიც, ვისაც საქართველოში მეტის ჩადება შეუძლია,თავს ამ მიზეზითაც იკავებენ. ამას კიდევ ემატება საჯაროდ გაუხმაურებელი ინფორმაციები წელს რამდენიმე ძველი სასამართლო გადაწყვეტილების რევიზიაზე,როდესაც რამდენიმე ადგილობრივ ქართველ ინვესტორს,სამართლიანობის აღდგენის სახელით,რეალურად კი უბრალოდ მრავალმილიონიანი ჯარიმები გამოუწერეს. სხვადასხვა მიზეზით.არგუმენტებით და დანიშნულებით. ასე რომ: რეალობა გვაქვს ის, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება ინერციით, იზრდება მოხმარების ზრდის ხარჯზე და ეს ყველაფერი ზრდის ფასებს, რომელსაც ვერც მოჩვენებითი ან რეალური კონკურენციით აჩერებენ,ვერც სამთავრობო კომისიების შექმნით. ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს ქვეყანაში სხვადასხვა ჯურის კაპიტალის მოძრაობაც,რომლის ნაწილიც არის ნაცრისფერი და ნაწილიც უბრალოდ შავია ანუ აღურიცხავი, ზოგიერთი კრიმინალურიც.ასე რომ, აი ამ ინერციის ფონზე იზრდება ეკონომიკაც და ფასებიც, რომელიც საბოლოო ჯამში აბალანსებს ერთმანეთს და ბოლოში ვიღებთ მოცემულობას, რომ იქ სადღაც მაღლა ან ქვევით სადაც ყველაფერი წყდება, შეიძლება არც გვინდოდეს ახალი ინვესტიციები და ინვესტორები. და ამ ვერსიაც აქვს მყარი არსებობის უფლება, დიახ, საქართველოში არის მოცემულობა როცა ინვესტორებისთვის კარი მოჩვენებითად არის ღია, ნებისმიერი ინვესტორისთვის. აი, ვის მიეცემა უფლება ამ ქვეყანაში ჩადოს ფული, ეს კიდევ ცალკე საკითხია, რომელსაც მზესთან მიახლოებული განიხილავენ პერიოდულად. თუმცა, არცთუ ხშირად. რადგან საქართველო მსოფლიოს ფულიანებს ძირითადად შავი და ნაცრისფერი კაპიტალის გასამართავად აინტერესებთ, და ის საბოლოოდ უძრავ ქონებაში დაილექება თუ რომელიმე ბანკში მესამე პირის ანუ საქართველოს მოქალაქის ანგარიშზე, ეს უკვე დეტალებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები