მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება მასწავლებელთა ხელფასი 2024 წლის პირველი ივლისიდან? - მინისტრის განმარტება

ამილახვარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ მასწავლებელთა ხელფასების ზრდის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რატომ დაიწყება ეს პროცესი სწორედ პირველი ივლისიდან.

მინისტრის თქმით, ახალი სახელფასო პოლიტიკის ფარგლებში ყველა მასწავლებელს შეეხება ანაზღაურების მატება – შედეგად, ბოლო წლებთან შედარებით ისინი აიღებენ 4-ჯერ, 5-ჯერ მეტ ხელფასს.

„ჩნდება კითხვა - რატომ პირველი ივლისიდან. იმიტომ, რომ აუცილებელია სისტემა გადაერთოს ახალ სახელფასო პოლიტიკაზე და ამის გაკეთება შეუძლებელია სასწავლო წლის მიმდინარეობისას. შესაბამისად, სასწავლო წელი როგორც კი დასრულდება – პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო სისტემა. ჩვენი გმირი მასწავლებლები იმსახურებენ ღირსეულ ანაზღაურებას. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სკოლებში კიდევ უფრო ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, რაც ჩვენი ნათელი მომავლის საწინდარია“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

მისი თქმით, ზოგადი განათლების განვითარების კუთხით ყველაზე მთავარია მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება.

„ჩვენი ხელისუფლების დროს პედაგოგთა ანაზღაურების დაახლოებით 200%-იანი მატება იყო და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა. პროცესში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე. 2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება“ – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ისაუბრა მასწავლებლების პროტესტთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს.

გიორგი ამილახვარი: „შევხვდი ამ ადამიანებს, ჩემს მოადგილეებთან ერთად. მოვუსმინე მათ არგუმენტებს და პირადად გავაცანი სახელფასო პოლიტიკისა და დირექტორების არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები. ჩვენ ყველას ვხვდებით. კონკრეტულად ამ ადამიანებს ადრეც არაერთხელ
შევხვდი. თითოეულის გულისწუხილი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე პრობლემა, მოსმენას აუცილებლად იმსახურებს.

ჩვენ არ მივეკუთვნებით იმ კატეგორიას, რომელიც არ ითვალისწინებს საზოგადოების აზრს. ვიცით როგორია უმრავლესობის განწყობა, ვიცით, რომ ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ერთი ადამიანიც თუ აპროტესტებს რაღაცას მას აუცილებლად შევხვდებით და მოვუსმენთ.

მინდა აღვნიშნო, რომ თავად სასკოლო საზოგადოება – მასწავლებლები და მშობლები – სცემს პასუხს დირექტორობის მსურველთა კონკურსის ირგვლივ დასმულ კითხვებს, რომ არსად არ გამოკვეთილა არანაირი სამართალდარღვევა და ამ პროცესს უკმაყოფილება არ გამოუწვევია. თუ კონკრეტული პირები თვლიან, რომ დაირღვა მათი უფლებები ამისთვის არსებობს სასამართლო, ასე ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. პირველები ვართ, ვინც დავიწყეთ სკოლების ავტონომიის ზრდაზე მუშაობა, ასე რომ მათი არგუმენტები ამ კუთხით მიუღებელია.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები