მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ მიკვირს/მაეჭვებს I კვარტალში 9,3%-იანი ეკონომიკური ზრდა? - ეკონომისტი

გიორგი ხიშტოვანი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანს 2025 წლის I კვარტალში 9,3%-იანი ეკონომიკური ზრდა ანომალიად და არამდგრად მოვლენად ეჩვენება და ელის, რომ მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი, სხვა თანაბარ პირობებში, მალე მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

კითხვაზე - „რატომ მიკვირს/მაეჭვებს საქართველოში I კვარტალში საშუალოდ 9,3%-იანი ეკონომიკური ზრდა და ვერ ვხედავ ამ მაჩვენებლის გრძელვადიანად შენარჩუნების პერსპექტივას?“ გიორგი ხიშტოვანი ეკონომიკური პარამეტრების დეტალური მიმოხილვით პასუხობს.

„უპირველეს ყოვლისა, ამ ცხრილის გამო; როცა 2023-ის პირველ კვარტალში რეალური ეკონომიკური ზრდა 7,3%-ი იყო, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები პირველ ოთხ თვეში ნომინალში გაიზარდა 18%-ით; 2024-ში, პირველ კვარტალში 7,8%-ით ეკონომიკის ზრდას მოჰყვა აკრეფილი გადასახადების 24%-იანი ზრდა; და ამ დროს, როდესაც 2025-ის პირველ კვარტალში, ეკონომიკა გაიზარდა 9,3%-ით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები პირველ ოთხ თვეში გაიზარდა მხოლოდ 4,1%-ით. მე ეს ძალიან უცნაური მეჩვენება.

ამას ემატება შემდეგი მნიშვნელოვანი ინდიკატორების პირველი კვარტალის შედეგები, რაც აძლიერებს ჩემს ეჭვებს:

  • ფულადი ტრანსფერები: 786 მილიონი დოლარი (1Q, 2025); 812 მილიონი დოლარი (1Q, 2024) (დაახლოებით 3%-იანი კლება). (NBG)
  • ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე): 641 მილიონი დოლარი (1Q, 2025); 642 (1Q, 2024); (დაახლოებით 0%-იანი ზრდა). (Geostat)
  • ხელფასის მიმღები ადამიანების რაოდენობა: მარტი, 2025 ვერსუს მარტი 2024: დაახლოებით 0,3%-იანი ზრდა (PMCG).

დამატებით, შეგვიძლია სექტორალურ შედეგებს შევხედოთ:

  • შემოსავლები ტურიზმიდან: 826 მილიონი დოლარი (1Q, 2025); 807 მილიონი დოლარი (1Q, 2024) (დაახლოებით 2,3%-იანი ნომინალური ზრდა) (NGB).
  • მშენებლობის სექტორი ბაზრის ზომა (ნომინალში): 1Q, 2025 VS 1Q, 2024: დაახლოებით 1,1%-იანი კლება (Galt and Taggart); დაახლოებით 5,6%-იანი ზრდა (Colliers Georgia).

ასევე, შეგვიძლია ბიზნესის და მომხმარებლების განწყობებს დავაკვირდეთ:

  • ბიზნეს-კლიმატი პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად გაუარესებულია (BAG Index, ISET Business Confidence Index), რასაც წესით, ბიზნესების საინვესტიციო აქტივობებზე უარყოფითად უნდა ემოქმედა.
  • მოსახლეობის 56% თვლის, რომ ფინანსური კრიზისი უკვე დაიწყო ან მალე დაიწყება; ხოლო მოსახლეობის 36% ამბობს, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

როდესაც, მხოლოდ 20% აფიქსირებს, რომ მდგომარეობა არის გაუმჯობესებული (ACT Research). ამ გარემოებას, თავის მხრივ, უნდა გაეუარესებინა ე.წ. Consumer Confidence, რაც უნდა ასახულიყო დანაზოგების შექმნასა და სამომხმარებლო ხარჯების შემცირებაში.

რომ შევაჯამო, მაკრო, ფისკალური, სექტორული და განწყობების ინდიკატორების უმრავლესობა გვეუბნება, რომ წინა წლის I კვარტალთან შედარებით მგომარეობა არის ან წინა წლის დონეზე, ან გაუარესებულია.

შესაბამისად, ერთადერთი ამხსნელი I კვარტალში საქართველოში თუნდაც ზომიერი ეკონომიკური ზრდის არსებობა შეიძლება იყოს ბიზნესის (მათ შორის ტურიზმის სექტორის) და საბანკო სექტორის მხრიდან, ერთი მხრივ, სამომხმარებლო დანახარჯების ჰიპერაქტიური სტიმულირება (აქციები, სპეციალური შეთავაზებები, ქეშ-ბეკები და ასე შემდეგ), უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ჰიპერ-შეთავაზებები (მაგ. პირველადი შენატანის მნიშვნელოვანი კლება, აქამდე არარსებული მრავალწლიანი შიდა-განვადებას შეთავაზება მყიდველებისთვის და ა.შ.) და უძრავი ქონების კომპანიების მხრიდან იმის რეალიზება, რომ ე.წ. „ჰაერი“ აღარ იყიდება და შესაბამისად, ხარჯების დაჩქარებული ზრდა დაწყებული პროექტების სწრაფად დასასრულებლად.

თუ ეს ასეა, ეს ყველაფერი დღეს ბიზნესის მოგების შემცირების ხარჯზე უნდა ხდებოდეს და ამას უკვე ის ფაქტი მიგვანიშნებს, რომ წინა წელთან შედარებით, ბიუჯეტში, 4 თვეში, ნომინალში დაახლოებით 15%-ით უფრო ნაკლები მოგების გადასახადი აიკრიფა.

ასევე, ვფიქრობ, ძალიან დეტალური კრიტიკული ანალიზი სჭირდება სამომხმარებლო კალათასაც, რომ უკეთესად დავინახოთ, რამდენად ადეკვატურია დღეს ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც, თუ ის ხელოვნურად არის შემცირებული, თავის მხრივ ეკონომიკურ ზრდაზეც პოზიტიურად მოქმედებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2025 წლის პირველ კვარტალში 9,3%-იანი ეკონომიკური ზრდა ანომალიად და არამდგრად მოვლენად მეჩვენება, რომელიც, თუნდაც საქსტატის მონაცემებით, სხვა თანაბარ პირობებში, მალე მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები