ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა მინსკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების ნაწილის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
სანქციების სიიდან ამოღებულია ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო, უმსხვილესი ბანკები - Белінвестбанк-ი (ბელინვესტბანკი) და „განვითარების ბანკი“, ასევე კალიუმის სასუქების მწარმოებელი მსოფლიო გიგანტი Беларуськалій (ბელარუსკალი) და ბელარუსის კალიუმის კომპანია.
კოულის თქმით, ამჯერად სანქციების მოხსნის პროცესი მნიშვნელოვნად სწრაფი ტემპით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებას წინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და სხვა უწყებებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა.
როგორც ირკვევა, ვაშინგტონის ეს ნაბიჯი მინსკთან მიღწეული გარკვეული ჰუმანიტარული დათმობების შედეგია. პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ამერიკელ დიპლომატს შორის ბელარუსის დამოუკიდებლობის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის ლიდერმა 250 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის არიან დასავლეთში პოლიტპატიმრებად გამოცხადებული ოპოზიციური მედიის 15 წარმომადგენელი, რომელთა ნაწილმა ქვეყანა უკვე დატოვა და ლიეტუვაში გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ ბელორუსისთვის, როგორც გლობალური სასუქების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშისთვის ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ის მინსკს ეკონომიკური იზოლაციის შემსუბუქების, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე უფრო მარტივად გასვლის საშუალებას მისცემს. ანალიტიკოსების შეფასებით,, Беларуськалій-ს პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე დაბრუნება, გლობალურ აგროსექტორში ფასების სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება 2020 წლის არჩევნებისა და შემდგომი პოლიტიკური პროცესების გამო მოხდა, რამაც ქვეყნის ეკონომიკასა და საბანკო სექტორს სერიოზული ზიანი მიაყენა.




























