ბოლო პერიოდში საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასები შემცირდა და ერთთვიან პერიოდში კორექციამ 6%-ს მიაღწია, ხოლო წინა წელთან შედარებით, ნავთობი საშუალოდ 17%-ითაა გაიაფებული. ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 70 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI-ის ფასი დაახლოებით 67 დოლარია; რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 65 დოლარს შეადგენს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის გაიაფება უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივას უკავშირდება.
გარდა ამისა, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას ზრდის. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის აპრილიდან ნავთობის დღიური მიწოდება ეტაპობრივად გაიზრდება იქამდე, სანამ დღიური კორექციის მაჩვენებელი 2.2 მილიონ ბარელს არ მიაღწევს.
მართალია, მიწოდების გაზრდა ნავთობის გაიაფებას და OPEC-ის წევრი სახელმწიფოების ფინანსური სარგებლის მოცულობას შემცირებას გამოიწვევს, თუმცა, როგორც ჩანს, საუდის არაბეთს და მის მოკავშირეებს ამჟამად სხვა პრიორიტეტები აქვთ.