2024 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა. იანვარ-მაისში ქვეყნიდან ჯამში მხოლოდ 991 ათასი დოლარის ღირებულების 308 ტონა ცოცხალი ცხვარი და თხა გავიდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ცხვრის რეალიზებით მიღებული შემოსავალი ქვეყანას 88.1%-ით, ხოლო გაყიდული ცხვრის მოცულობა 85.4%-ით შემცირდა. გასული წლის ამავე პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე 2 110 ტონა ცოცხალი ცხვრების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 8 მილიონ 347 ათასი დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2019 წლის შემდეგ საქონლის ექსპორტი მზარდი იყო.
ამასთან, სტატისტიკიდან ჩანს, რომ წელს ცხვარი ექსპორტზე მხოლოდ წლის დასაწყისში იანვარში, თებერვალსა და მარტში გავიდა, მაშინ როდესაც გასულ წლებში ყოველთვიურად გადიოდა. შემცირებულია საექსპორტო ქვეყნების არეალიც. 5 თვეში ცხვრები მხოლოდ სამ ქვეყანაში გავიტანეთ. ეს ქვეყნებია:
- კატარი - $571 ათასი, 152 ტონა;
- საუდის არაბეთი - $396 ათასი, 143 ტონა;
- აზერბაიჯანი - $23 ათასი, 13 ტონა;
მაშინ როდესაც გასულ წელს იანვარ-მაისის პერიოდში ქვეყნების ჩამონათვალში ასევე ერაყს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და ირანსაც ვხვდებოდით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გასულ წლებში მცირე მოცულობებით, თუმცა მაინც ცხვრების იმპორტიც ხდებოდა. წელს კი 5 თვის ჭრილში ეს მაჩვენებელი განულებულია. (2023 წლის 5 თვე - $713 ათასი, 663 ტონა).