ბოლო წლებში, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო კომპანიის, ამერიკული Berkshire Hathaway-ის პორტფელში ყველაზე დიდ, კერძოდ 41%-იან წილს ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Apple-ი იკავებდა, მაგრამ 2024 წლის პირველ კვარტალში, უორენ ბაფეტის კომპანიამ Apple-ში საკუთარი პოზიცია 12.9%-ით შეამცირა. ომაჰელი ინვესტორის გადაწყვეტილებამ ბაზარზე არაერთი კითხვა გააჩინა, რასაც Berkshire Hathaway-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე თავად უორენ ბაფეტმა უპასუხა. ინვესტორის შეფასებით, Apple-ის საინვესტიციო მიმზიდველობა არ დაუკარგავს, რადგან ფუნდამენტურად, ეს ბიზნესი ჯერაც გამართულია. მისივე თქმით, თუ ბაზარზე გასაოცარი რამ არ მოხდა, Berkshire Hathaway-ის პორტფელში ყველაზე დიდ პოზიციად კვლავაც Apple-ი დარჩება.
“არ ვიტყოდი, რომ Apple-მა საინვესტიციო მიმზიდველობა დაკარგა, მაგრამ აქციები ნამდვილად გავყიდეთ. დიდი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ წლის ბოლოსთვის Apple-ის აქციები კვლავაც ყველაზე დიდი აქტივი იქნება ჩვენს პორტფელში. საინტერესო ისაა, რომ ჩარლი [მანგერი] და მე კომპანიის აქციებს, პირველ რიგში, ვუყურებთ, როგორც კომპანიებს. ბაზარზე შესანიშნავი კომპანიების ყიდვა შეგვიძლია, მაგრამ ყველას, ცხადია, ვერ ვიყიდით. The Coca-Cola Company-ს, American Express-სა და Apple-ს რომ ვუყურებთ, ბიზნესებს ვხედავთ - ცხადია, ისინი ერთმანეთისგან ბევრი მიმართულებით განსხვავდება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ბიზნესებს ვყიდულობთ და არ გვაქვს სურვილი, ბაზრის ქცევა ვიწინასწარმეტყველოთ ან აქციები სავაჭროდ შევიძინოთ.
ბევრი წლის განმავლობაში, როგორც იცით, არასწორად ვიქცეოდი. აქციების ბაზარმა ძალიან ადრე გამიტაცა და დროს არ ვკარგავდი, რადგან წიგნებს ვკითხულობდი, მაგრამ ბოლოს “გონიერ ინვესტორს” მივაგენი, სადაც მარტივად იყო წარმოჩენილი ჭეშმარიტება: თუ უყურებთ აქციებს, როგორც კომპანიებს და ბაზარს აღიქვამთ, როგორც მოვლენას, რომელიც კი არ გასწავლით, არამედ გემსახურებათ, დროთა განმავლობაში, იმაზე კარგ შედეგს მიიღებთ, ვიდრე ადამიანებს რომ მოუსმინოთ. იმ დროს, ამ მოსაზრებამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და მას შემდეგ, ამ სტრატეგიას მივყვებოდით. ჩვენს ხელთ არსებული თავისუფალი კაპიტალის ზრდასთან ერთად, ცხადია, რაღაცები შეიცვალა, მაგრამ მთავარი პრინციპი ისაა, რომელიც ბენ გრემმა ამ წიგნში აღწერა. “გონიერმა ინვესტორმა” მასწავლა, როგორ გამომეყენებინა ცოდნა უკეთესად, ხოლო ჩარლი ამ მხრივ კიდევ უფრო მეტად დამეხმარა. ამიტომაც ვფლობთ American Express-ის, Coca-Cola-ისა და Apple-ის აქციებს - ისინი ერთმანეთზე უკეთესი ბიზნესები არიან. თუ რამე გასაოცარი არ მოხდა, ამ კომპანიების მეწილეებად მომავალშიც დავრჩებით. თუმცა ამ ეტაპზე, ნაღდი ფულის პოზიციის გამყარება კარგ გადაწყვეტილებად მიმაჩნია”, - განაცხადა უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის აქციონერებთან შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, რომ Berkshire Hathaway-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $889 მილიარდს აღემატება. ამ მაჩვენებლით, უორენ ბაფეტის კომპანია მსოფლიოს უდიდესი კომპანების ჩამონათვალში მე-8 ადგილს იკავებს.