კომპანია შპს „ყვარელრემმშენი“, რომელმაც გასულ წელს ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ჩაუტარა, 2015 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში იყო შეყვანილი. შესაბამისი გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოს 25 სექტემბერს აქვს მიღებული.
აღსანიშნავია, რომ კომპანია შავ სიაში შედის იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი:
• არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას;
• უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;
• თუკი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
• იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
შესყიდვების სააგენტოს დოკუმენტში არ არის დაზუსტებული, რის გამო შეიყვანეს კომპანია შპს „ყვარელრემმშენი“ შავ სიაში. თუმცა, ტენდერების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ისტორიაში ჩანს, რომ 2015 წელს კომპანიამ არ შეასრულა ვალდებულებები, რომელიც მას ჰქონდა სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლასთან. ხელშეკრულება გულისხმობდა ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟს და მისი ღირებულება 28 731 ლარი იყო.
უნდა ითქვას ისიც, რომ კომპანიას არაერთ სახელმწიფო შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული და რეაბილიტაციის მიმართულებით შესრულებული აქვს სამუშაოები. ტენდერების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კომპანიას 10-ზე მეტი ტენდერი აქვს მოგებული და შესრულებული აქვს სამუშაო.
შეგახსენებთ, რომ სწორედ კომპანია „ყვარელრემმშენმა” ჩაუტარა რეაბილიტაცია ვარკეთილის მეტროს, რომლის ჭერიც დღეს ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
მეტრო ვარკეთილის სადგურს რეაბილიტაცია კომპანია შპს "ყვარელრემმშენმა" 2017 წელს ჩაუტარა. "ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 347,852 ლარი დაჯდა.

























