თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა ნოდარ მელაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, რატომ შემოატრიალა ივანიშვილმა საქართველოს საგარეო კურსი.
მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსი პრაქტიკულად არასოდეს ყოფილა დასავლური, თუმცა 2022 წელს მისთვის ცხადი გახდა, რომ მისი ავტოკრატიული ტიპის მმართველობა ევროკავშირთან შეუთავსებელი იყო და მას სჭირდებოდა კარგი მიზეზი, რომ ქვეყნის კურსი შეეცვალა, ამისთვის კი „კრედიტ სვისის“ საქმე გამოიყენა და დასავლეთის დემონიზება დაიწყო.
"ივანიშვილი იმ გავლენებით, როგორი გავლენაც მას ჰქონდა და როგორ მჭიდრო მარწუხებშიც ჰქონდა ქვეყანა მოქცეული შეუთავსებელი იყო და ვერ შევიდოდა ევროკავშირში. შესაბამისად მან გადაწყვიტა დასავლეთის და ევროკავშირის დემონიზება, ამისთვის თავისი „კრედიტ სვისის“ ქეისიც მოიხმარა, თითქოს ვიღაც რაღაცით აშანტაჟებდა.
მას სჭირდებოდა კარგი მიზეზი, რომ საგარეო ურთიერთობები მოეტრიალებინა და „კრედიტ სვისის“ საქმე კარგი მიზეზი იყო. ამ საქმეში არანაირი გავლენა არანაირ დასავლურ ძალას არ ჰქონია და თუ კი ვინმეს გავლენა ჰქონდა ეს იყო მხოლოდ ივანიშვილის სასარგებლოდ, იმიტომ რომ მან ყველა ეს სასამართლო პროცესი მოიგო ყველანაირი დათქმის გარეშე", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.