"ოცნების" მთავრობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურის სამშენებლო ღირებულება სავარაუდოდ იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო განსაზღვრული.
საუბარია 2024 წლის 29 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან. ხელშეკრულების ღირებულება აქამდე ცნობილი იყო 203,927,831 დოლარს შეადგენდა, თუმცა სავარაუდოდ მისი მოცულობა შემცირდება. სწორედ ამას უკავშირდება 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ანაკლიის პროექტის სამშენებლო სამუშაოების ბიუჯეტის 100 მილიონი ლარით შემცირება, შესაბამისად მომდევნო წელს ამ მიმართულებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სახელმწიფო ამჟამად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ადგილზე ფსკერის დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
"ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა კონტრაქტორთან (Jan De Nul) მოლაპარაკება და უფრო ნაკლები დაჯდება, ეს ინფრასტრუქტურა, ვიდრე თავდაპირველად იყო გათვალისწინებული, შესაბამისად წელს გამოყოფილი 150 მილიონი ლარი და წინა წლებში გამოყოფილი ამას დაემატება მომდევნო წელს 50 მილიონი ლარი. მომდევნო წლის სამუშაოებისთვის ეს სრულიად საკმარისია. დაფინანსება გამოიყოფა 2027 წელსაც. მთლიანობაში ჯამური თანხა იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდევი. სამუშაოების ღირებულება შემცირდა და დეტალურმა პროექტმა აჩვენა, რომ უფრო ნაკლები დაჯდება,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
რა იცვლება ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებაში 2026 წელს:
„სამშენებლო ნებართვის მიღების შემდგომ დაიწყება ტალღმტეხელის პირველი სექციის მშენებლობა. 2026 წლის დასაწყისში იგეგმება მცირე ზომის დამღრმავებელი გემის/მიწახაპია შემოსვლა ნიადაგის გასაუმჯობესებელი სამუშაოების განხორციელებისთვის, 2026 წლის ივლისში იგეგმება დიდი დამღრმავებელი გემის ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში შემოყვანა და დაღრმავებითი სამუშაოების დაწყება, ხოლო აღნიშნული სამუშაოები 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
ტალღმტეხის მშენებლობისა და ფსკერის დაღრმავების სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების თარიღია 2027 წლის 14 მაისი, თუმცა მოლოდინია რომ ის 2026 წლის ბოლოს ან 2027-ის დასაწყისში დასრულდება.
შედეგად ორგანიზაციას ექსპლუატაციაში ექნება წყლის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი (ტალღმტეხელი, დაღრმავებული შემოსასვლელი არხი და მოსაბრუნებელი არხი), ხოლო იმისთვის რომ სრულად დასრულდეს წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საჭიროა დამატებით აშენდეს ნავმისადგომი, რომელიც გახლავთ ცალკე შესყიდვის ობიექტი“,- წერია 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის განმარტებით ბარათში.
ამასთან, წელს შეიცვალა პორტის საპროექტო დოკუმენტაცია, კერძოდ - შეიცვალა პორტის ტალღმტეხი ნაგებობის სიგრძე და ის 1500 მეტრის ნაცვლად 1370 მეტრი იქნება. ასევე შეიცვალა და მცირედით ჩრდილოეთი წაინაცვლებს პორტის მოსაბრუნებელი ადგილის რადიუსი და ის 300 მეტრის სიგრძის ნაცვლად 271 მეტრი იქნება.
მისასვლელი არხის, მოსაბრუნებელი ადგილის და ტალღმტეხის ფართობი პირვანდელი პროექტით 123.5 ჰექტარი უნდა ყოფილიყო და ის 113.1 ჰექტარამდე შემცირდა.
ინვესტორის შერჩევის პროცესი გრძელდება:
ანაკლიის პორტის პროექტებს მთავრობა ახორციელებს როგორც პორტის აქციონერი, პარალელურად გრძელდება მოლაპარაკებები ჩინურ სახელმწიფო კორპორაცია CCCC-თან, რომელიც 2024 წლის მაისში საერთაშორისო კონკურსის უპირატეს მონაწილედ დასახელდა, თუმცა ამ დრომდე მასთან ოფიციალურად კონტრაქტი გაფორმებული არაა. "6 ძირითადი საკითხია, რაც დასაზუსტებელია" - განაცხადა მიმდინარე წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ, როცა BMG-მ CCCC-თან მოლაპარაკებების პროცესი მოიკითხა.
პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ წინასწარი გათვლებით, პორტმა წელიწადში დაახლოებით 600 ათასი TEU (7.8 მილიონი ტონა) გამტარიანობას უნდა მიაღწიოს. ასევე ანაკლიაში ახალი ნავსადგურის ფსკერი არანაკლებს 16 მეტრამდე უნდა დაღრმავდეს.





























