მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ შემცირდა ღვინის ექსპორტი? - დარგის წარმომადგენლების შეფასება

ღვინო

2024 წლის რეკორდული შემოსავლების შემდეგ წელს ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა. წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტიდან შემოსავლების 22%-იანი კლებაა, რაც ქართული ღვინის მთავარ ბაზარზე - რუსეთში ექსპორტის თითქმის 35%-იანი შემცირებით არის განპირობებული. რატომ მცირდება ქართული ღვინის გაყიდვები, რომელიც ბოლო წლებში რეკორდულად იზრდებოდა - ამ კითხვით BMG-მ მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებსა და მწარმოებლებს მიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილ უფროსი გიორგი სამანიშვილი კლების მიზეზად გასულ წელს რუსეთში აქციზის გადასახადის თითქმის გასამმაგებას ასახელებს. 2024 წლის მაისიდან აქციზი რომ იზრდებოდა, ქართულმა კომპანიებმა 2023 წლის ბოლოს იცოდნენ და ცდილობდნენ, რუსულ ბაზარზე რაც შეიძლება მეტი ღვინის შეტანა მოესწროთ.

ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ წელს კლება გამოწვეული იყო იმით, რომ შარშან აქციზის და საბაჟო მოსაკრებელის ზრდის გამო, იმაზე დიდი რაოდენობით ღვინო გადაიზიდა, ვიდრე ნორმალურ პირობებში გაიყიდებოდა. შესაბამისად, ველოდები, რომ წელს კლება გაგრძელდება, იმიტომ, რომ შარშან იმის შესაბამისად წაიღეს ღვინო, რომ მაშინაც გაეყიდათ და წელსაც. ანუ წლის ბოლომდე შარშანდელთან შედარებით ალბათ კლება გვექნება, თუმცა სავარაუდოდ, 2023 წლის მაჩვენებლებს გაუტოლდება. მოკლედ, ჯამში თუ ბოლო ხუთ წელს ავიღებთ, დიდ სხვაობას პირადად არ ველოდები. ასევე ჯერ არ ვიტყოდი, რომ რუსეთის ბაზარზე კლების ტენდენციაა", - აცხადებს სამანიშვილი.

ღვინის კომპანია “რთველისის” მმართველი პარტნიორი, თორნიკე ჭიკაძე განმარტავს, რომ აქციზის გამო, ექსპორტირებმა რუსეთში შარშან ჭარბად შეიტანეს ღვინო, ამიტომ ბუნებრივია, რომ 2024 წლის მაჩვენებელთან კლებაა.

“ექსპორტი თუნდაც რუსეთის ბაზარზე 2024-ში რეკორდული იყო, რაც 100%-ით უკავშირდებოდა სააქციზო გადასახადის ზრდას. აქედან გამომდინარე, მოხდა მინიმუმ ხუთი-ექვსი თვის მარაგების შევსება, რაც ძალიან დიდი რიცხვია. ეს არ უკავშირდებოდა ზოგადად გაყიდვების ზრდას ბაზარზე, არამედ თანხების ეკონომიის მიზნით პროდუქციის შეტანას, რაც ლოგიკურია. ვფიქრობ, წლევანდელი წელი ლოგიკურ რიცხვებშია დაბრუნებული. თუ გავედით 2023 წლის და 2022 წლის დინამიკაზე იმ ფონზე, რომ ორ უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანაში საომარი ვითარებაა, ეს სექტორისთვის კარგი ბალანსი იქნება", - ამბობს ის.

ბიომეღვინეობა "ფაფრის ველის" დამფუძნებელი, რომელიც 10 ჰა-ზე გაშენებულ ვენახს მართავს, ამბობს, რომ მთავრობას ევროპის ბაზრების ათვისებაზე უფრო ინტენსიურად უნდა ემუშავა. შალვა ქურდაძე აღნიშნავს, რომ არც ღვინის პოპულარიზაციაზე დახარჯული ფულია საკმარისი. ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელით ცნობილ პროგრამაზე წელს ბიუჯეტიდან 1.4 მლნ ლარით მეტი, 17 მლნ ლარამდე უნდა დაიხარჯოს.

საკმაოდ დიდი დროა გაშვებული ჩვენი ქვეყნის მიერ, რომ ინტენსიურად ათვისებულიყო დასავლეთის ბაზრები. დიახ, რაღაცები ხდებოდა, მაგრამ ის მასშტაბი არ იყო საკმარისი და უფრო ინტენსიურად უნდა ემუშავა ქართულ ღვინოს დასავლეთის ბაზარზე შესასვლელად. ასე უცებ ახლა გადაწყობა დასავლეთის ბაზარზე ფაქტობრივად შეუძლებელია. ღვინის ეროვნული სააგენტო კი აკეთებს ბევრ კარგ საქმეს, მაგრამ ბიუჯეტი, რომელიც მას აქვს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, თუ არ მეშლება 15 მილიონი ლარის ფარგლებშია. ამ მინიმალური თანხით დავიპყროთ მთელი მსოფლიო და გავაკეთოთ პოპულარიზაცია ქართული ღვინის, აბსოლუტურად არარეალურია", - აცხადებს შალვა ქურდაძე.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს 6 თვეში ღვინის ექსპორტი თითქმის 122 მლნ დოლარამდე შემცირდა, აქედან 73 მლნ დოლარის ღვინო რუსეთში გაიყიდა. ეს ნიშნავს, რომ გაყიდული ღვინის 60% რუსეთში გავიდა. ბოლო ხუთ წელში ქართული ღვინის რუსეთში გაყიდვები 53%-ით გაიზარდა, ასე მაგალითად თუ 2020 წელს თითქმის 120 მლნ დოლარის ღვინო გავყიდეთ, შარშან გაყიდვები 183 მლნ დოლარამდეა გაზრდილი.

ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში ბოლო 5 წელში:

2025 წელი (6 თვე) - 72.8 მლნ დოლარი;
2024 წელი - 182.6 მლნ დოლარი;
2023 წელი - 168.2 მლნ დოლარი;
2022 წელი - 160.8 მლნ დოლარი;
2021 წელი - 130.7 მლნ დოლარი;
2020 წელი - 119.5 მლნ დოლარი;

გაყიდვებთან ერთად გაიზარდა რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 66%-მდე, რაც 2013 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ქართულ ღვინოზე ემბარგო მოიხსნა, რეკორდული მაჩვენებელია.

“ქართული ოცნების” მთავრობა ღვინის ექსპორტიდან გაზრდილი შემოსავლებით ხშირად იწონებს თავს და ამას საკუთარ სწორ პოლიტიკას მიაწერს. თუმცა ბოლო წლებში რუსეთში ღვინის გაყიდვების ზრდას ხელი იმანაც შეუწყო, რომ კრემლმა ევროპულ კომპანიებს განსაკუთრებულად დიდი აქციზი დაუწესა. ამან ქართულ ღვინოზე, რომელსაც „არამეგობრული ქვეყნების“ მიმართ გატარებული ზომები არ შეხებია, მოთხოვნა გაზარდა. ბოლო ხუთ წელში ღვინის ექსპორტიდან შემოსავლები 210 მლნ დოლარიდან 276 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი ბოლო 5 წელში:

2025 წელი (6 თვე) - 121.6 მლნ დოლარი;
2024 წელი - 276 მლნ დოლარი;
2023 წელი - 259 მლნ დოლარი;
2022 წელი - 252 მლნ დოლარი;
2021 წელი - 239 მლნ დოლარი;
2020 წელი - 210 მლნ დოლარი;

მართალია ყველაზე მეტი ქართული ღვინო რუსეთში იყიდება, თუმცა დაბალ ფასად.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს საექსპორტო ფასები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაბალია, ევროპაში, ამერიკასა და ჩინეთში კი შედარებით მაღალი. შარშან აშშ-ში ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი 6 დოლარი; გერმანიაში 4.6 დოლარი; ჩინეთში 3.5 დოლარი, ხოლო რუსეთში 2.7 დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები