2023 წლის განმავლობაში საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირდა. საქსტატის თანახმად, 9 თვეში ექსპორტირებულია 123 მილიონი დოლარის ღირებულების 323 ათასი ტონა აზოტოვანი სასუქების ექსპორტი განახორციელა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 41%-ით არის შემცირებული.
საქართველოში ქიმიური სასუქების უმსხვილესი მწარმოებელია კომპანია “რუსთავის აზოტი”, რომელსაც იანვრიდან სინგაპურული კორპორაცია Indorama ფლობს. კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, პრაკეშ კეჯრივალმა მედიასთან განმარტა, რომ საექსპორტო შემოსავლების კლება აზოტოვანი სასუქების ფასის შემცირებით არის განპირობებული.
“რაც შეეხება რუსთავის აზოტიდან ექსპორტის მაჩვენებლებს. მოცულობების მხრივ შემცირება არაა, თუმცა შემოსავლები არის შემცირებული, რაც ამ საქონლის გლობალურ ფასს უკავშირდება. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას ამ საქონლის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა, ხოლო წელს მისი ფასები დაკორექტირდა,”- ამბობს პრაკეშ კეჯრივალი.
2023 წლის განმავლობაში საქართველოდან ყველაზე მეტი სასუქების ექსპორტი პერუში განხორციელდა და მან 47.5 მილიონ დოლარს მიაღწია, მეორე ადგილზეა რუმინეთი 19.7 მილიონი დოლარის ექსპორტით, მესამე ადგილს კი ტანზანია იკავებს 8.6 მილიონი დოლარით.
საქსტატის მონაცემებით, თუკი მიმდინარე წელს საქართველოდან გატანილი თითოეული ტონა სასუქის საშუალო ფასი 380 დოლარს შეადგენდა, გასულ წელს ერთი ტონის ღირებულება 624 დოლარს შეადგენდა, რაც ფასის 39%-იან ვარდნას წარმოადგენს.
რამდენიმე დღის წინ, “რუსთავის აზოტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ BMG-სთან განაცხადა, რომ კომპანია ქარხნის განვითარებაში $250-300 მილიონის ინვესტირებას გეგმავს, რითაც კარბამიდის ახალი საწარმოს აშენება და ამიაკის საწარმოო ხაზის გაფართოება იგეგმება.